Accessibility links

რას აკეთებენ ქვეყნები სწორად (და რას - არასწორად) კორონავირუსთან ბრძოლაში


COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში მილიონს გადააჭარბა. 54 ათასზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ვაქცინამდე ჯერ თვეები გვაშორებს - შეიძლება წლებიც კი. არ არსებობს ზუსტი ინსტრუქციები, თუ რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა ამ კრიზისის დასაძლევად.

ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან გამკლავებას სხვადასხვა სახელმწიფოები განსხვავებულად ცდილობენ. რადიო თავისუფლებამ ოთხი ქვეყნის მაგალითი მიმოიხილა.

სამხრეთი კორეა

პანდემიამ სამხრეთ კორეას თავიდანვე ძლიერად შეუტია და ამ ქვეყანას ცუდ შედეგებს უწინასწარმეტყველებდნენ.

თუმცა, სამი აპრილის მონაცემებით, ამ ქვეყანას 10 ათასზე მეტი ინფიცირებული და 174 გარდაცვლილი ყავს. სამხრეთ კორეაში მიღებულ ზომებს აქებენ და ამბობენ, რომ დროული ჩარევის გარეშე ვითარება გაცილებით უარესი იქნებოდა.

როგორც ჩანს, ყველაზე ეფექტიანი მასობრივი ტესტირების დანერგვა გახდა. სამხრეთ კორეაში მცირე ზომის ჯიხურებიც დადგეს, სადაც ადამიანებს სწრაფად და უსაფრთხოდ შეუძლიათ ტესტის გავლა, შემდეგ კი ინფიცირებულებს და მათ კონტაქტებს თვალყურს ადევნებენ.

ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ეპიდემიოლოგი ერიკ ფეილ-დინგი აღნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში დღეში 15 ათას ტესტს ატარებენ, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიოში.

სამხრეთ კორეამ ბევრი რამ ისწავლა 2015 წლის MERS-ის ეპიდემიის დროს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო. სეულმა დაავადებათა კონტროლის სისტემის რეორგანიზაცია მოახდინა. ქვეყანას, უმაღლესი ხარისხის ჯანდაცვასთან ერთად ძლიერი ბიოტექნოლოგიური ინდუსტრიაც აქვს, რომელსაც დიდი რაოდენობის ტესტების სწრაფად დამზადება შეუძლია.

სამხრეთ კორეა, ეპიდემიასთან ბრძოლისას, აქტიურად იყენებს მოქალაქეებზე დაკვირვების ტექნოლოგიებს - ძირითადად ქუჩის კამერებს და შეისწავლის საბანკო გადახდებსა და მობილური ტელეფონების გამოყენებას მათი იდენტიფიკაციისათვის, ვისაც ტესტი უნდა ჩაუტარდეს. ეს კი ადამიანის უფლებების დამცველებში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

გერმანია

ერთი შეხედვით, გერმანიას არასახარბიელო სტატისტიკა აქვს. სამი აპრილის მონაცემებით, ამ ქვეყანაში 85 ათასზე მეტი ინფიცირებულია და ის ამ მაჩვენებლით მეოთხეზეა მსოფლიოში.

აქ COVID-19-ისგან 1100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანიაში 82 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი - 1.3 პროცენტზე ცოტა მეტი - შედარებით მცირე ჩანს. შედარებისთვის - ესპანეთში და იტალიაში ეს მაჩვენებელი 10 პროცენტს აჭარბებს.

სამხრეთი კორეის მსგავსად, გერმანიის შედარებით კარგ სტატისტიკას მასობრივ და დროულ ტესტირებას მიაწერენ.

კორონავირუსის წამყვანი ექსპერტი გერმანიაში, კრისტიან დროსტენი ამბობს, რომ ტესტირება ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერ კიდევ მცირე იყო. იმის განსაზღვრას, თუ ვის შეეყარა ვირუსი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან დაავადების გამავრცელებელთა დიდ ნაწილს სიმპტომები არ აღენიშნებათ და მათ თავადაც არ იციან, რომ ინფიცირებულნი არიან.

გერმანიამ ასევე ადრე გადადგა ექსტრაორდინარული ნაბიჯები, როგორიცაა ხალხის შეკრების აკრძალვა და დახურა მაღაზიები, ბარები და რესტორნები.

დიდ როლს თამაშობს ასევე ქვეყნის საუცხოო ჯანდაცვის სისტემა, სადაც საავადმყოფოებს 500 ათასი საწოლი აქვთ, რომელთა რაოდენობის გაორმაგებაც იგეგმება.

იტალია

იტალიაში 3 აპრილისთვის კორონავირუსის 115 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანა ამ მხრივ მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ. სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი პირველზეა - აქ 14 ათასამდე გარდაცვლილით.

ექსპერტების შეფასებით, ქვეყანამ ეპიდემიაზე რეაქცია დააგვიანა და შემდეგაც არასაკმარისი გააკეთა მასთან საბრძოლველად.

23 თებერვალს იტალიაში 123 რეგისტრირებული ინფექცია იყო. 11 ქალაქი ჩაკეტეს, თუმცა მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები დამაბნეველი იყო - ერთი მხრივ ოფიციალური პირები მოსახლეობას სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდებდნენ და 4 მარტს საჯარო სკოლებიც დაკეტეს, თუმცა, ამავე დროს, ისინი მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ წეს-ჩვეულებების შეცვლა არ იქნებოდა საჭირო.

ექსპერტები ასევე თანხმდებიან, რომ იტალიის ჯანდაცვის სისტემა არ აღმოჩნდა მზად ამგვარ კრიზისთან გასამკლავებლად. წამყვანი ვირუსოლოგის, ჯორჯიო პალუს განცხადებით, ქვეყანამ ასევე საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც საავადმყოფოები გადატვირთა იმ პაციენტებით, ვისაც კრიტიკული სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.

მარტის შუა რიცხვებში მთავრობამ საგანგებო დადგენილება მიიღო და ჯანდაცვის სისტემას 4 მილიარდამდე დოლარი გამოუყო. ამ თანხაში შედის ინტენსიური თერაპიის განყოფილებების გაფართოების ღირებულება და ახალი ვენტილატორებისა და დამცავი ეკიპირების ფასი.

ექსპერტები ასევე ერთმანეთს ადარებენ ლომბარდიის მძიმე ვითარებაში მყოფ რეგიონს, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ვენეტოს, სადაც შედარებით უკეთესი სიტუაციაა.

მათი თქმით, ვენეტომ უფრო ადრე დაიწყო ტესტირება და ინფიცირებულებთან კავშირში მყოფების დადგენა, რამაც რისკის ქვეშ მყოფი ინდივიდების ტესტირების და კარანტინში მოთავსების შესაძლებლობა მისცა.

აშშ

ამერიკა დღეს კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრშია, სადაც 3 აპრილის მონაცემებით, 245 ათას შემთხვევაზე მეტი აღინიშნება - ყველაზე მეტი მსოფლიოში.

გარდაცვლილთა რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა, პრეზიდენტი ტრამპის განცხადებით კი წინ „ორი ძალიან მძიმე კვირაა“.

ეს ნათქვამი ძალზედ განსხვავდება მისი წინა გამონათქვამებისგან. 20 იანვარს, მაგალითად, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ტრამპმა ამერიკელები დაამშვიდა - „ვითარებას სრულად ვაკონტროლებთო“.

ამ ურთიერთგამომრიცხავმა მოწოდებებმა ხელი შეუწყო ამერიკის დაგვიანებულ რეაქციას. პანდემიაზე პასუხმა იმდენად დააგვიანა, რომ რონ კლაინმა, 2014 წელს ებოლასთან ბრძოლის მესვეურმა თქვა: „ამას შემდეგი თაობები განიხილავენ, როგოც კატასტროფული, წარუმატებელი მცდელობის სახელმძღვანელო მაგალითსო“.

ტესტირება, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ელემენტია, თავიდანვე უამრავი პრობლემის თანხლებით მიმდინარეობდა - თავად ტესტები იყო ხარვეზიანი, ახალს რთულად და ნელა ამტკიცებდნენ, წარმოება ჭირდა, პროცესს აფერხებდა ბიუროკრატია და ამ ყველაფერს ემატებოდა დონალდ ტრამპის მიერ გავცრელებული არასწორი ინფორმაცია ტესტების საჭიროების შესახებ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრების ხელმძღვანელის, რობერტ რედფილდის განცხადებით, პრობლემა იყო თანხების ნაკლებობაც. „სიმართლე იმაშია, რომ ჩვენ არასაკმარისი ინვესტიცია ჩავდეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებში“ - უთხრა მან კანონმდებლებს მარტში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG