Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები, რომელსაც COVID-19 აქვს, მოსკოვში იმყოფებოდა


სოხუმი. 2020 წლის 6 აპრილი
სოხუმი. 2020 წლის 6 აპრილი

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პირი, რომელსაც კორონავირუსი COVID-19 აქვს, გაგრელია და ცოტა ხნის წინ მივლინებით მოსკოვში იმყოფებოდა. ამის შესახებ განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა. მისი ინფორმაციით, პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დე ფაქტო ხელისუფლებამ 7 აპრილს, საღამოს გამოაცხადა, რომ აფხაზეთში დაფიქსირდა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა.

დღეიდან, 8 აპრილიდან დაიკეტა რუსეთთან ე.წ. საზღვარი მდინარე ფსოუზე. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას მიერ 7 აპრილს ხელმოწერილი განკარგულებით, „საზღვარი“ დაიხურა ყველა კატეგორიის მოქალაქეებისთვის, გარდა დიპლომატების, რუსი სამხედროების და მესაზღვრეების და მძღოლებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებენ.

27 მარტიდან აფხაზეთში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. დაკეტილია რესტორნები, კაფეები, სასტუმროები და სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა. აკრძალულია მასობრივი შეკრება და მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ერთმანეთთან კონტაქტებისგან და სახლიდან მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გავიდნენ.

თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტი იუწყება, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დემონსტრაციულად ირღვევა. მისი ინფორმაციით, 7 აპრილს ასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა სოხუმის საკათედრო ტაძარში. ხალხმრავლობაა სოხუმის დაკეტილი აგრარული ბაზრის გარშემო, სადაც ინტენსიური ვაჭრობა მიმდინარეობს. სოციალური ქსელებით ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთიდან აფხაზეთში დაბრუნებულები სავალდებულო კარანტინის გარეშე სახლში ბრუნდებიან.

„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტმა ვერც საკოორდინაციო და ვერც ოპერატიული შტაბებისგან ვერ მიიღო პასუხი, თუ ვინ უნდა აკონტროლებდეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვას. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განუცხადეს, რომ ხალხს აფრთხილებენ.

ცნობისთვის, დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთში COVID-19-ის პირველ შემთხვევად არ თვლის კორონავირუსით გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრის დაავადებას. 50 წლის ქალი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა. მას უკვე აღენიშნებოდა კორონავირუსის სიმპტომები. იმავე ღამით, პაციენტს დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი გაუხსნეს. ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. 30 მარტს თბილისის „ლუგარის ლაბორატორიამ“ დაადასტურა, რომ პაციენტს COVID-19 აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG