Accessibility links

ავტობუსების გაჩერება გზის შუა ზოლში - როგორ იცვლება ვაკეში სატრანსპორტო მოძრაობა ?


ჭავჭავაზის გამზირი

„რამდენი ზოლი იქნება მანქანებისთვის?“

„გამოდის, რომ ავტობუსები მანქანების მოძრაობის საპირისპიროდ ივლიან?“

„რაღას კრძალავდნენ გაღმა საჭიანებს თუ აგერ ვაკეში უკუღმა მოძრაობას გეგმავენ?“

იქ რომ ადამიანი მოხვდეს, გზა ხომ უნდა გადაჭრას და მოძრაობას არ შეაფერხებს? მაგაზე ვფიქრობ ნეტავ რომელი წყობა აქვთ დაგეგმილი... ვერ მოვიფიქრე.

სოციალურ ქსელში ეს კითხვები გააჩინა ჭავჭავაძის გამზირზე გზის სავალი ნაწილის შუაში ჩადგმულმა ავტობუსების ახალმა გაჩერებებმა. სანამ რეაბილიტაციის პროცესი საბოლოოდ არ დასრულებულა, მოსახლეობა ცდილობს გამოიცნოს და შეაფასოს ამ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა.​

რადიო თავისუფლება თბილისის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ვიქტორ წილოსანს დაუკავშირდა, რომ გაერკვია:

"წარმოიქმნება უზარმაზარი კოლაფსი, მაგალითად გმირთა მოედანსა და ვარაზის ხევში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაფრინდება, მოუწევს საცობში დგომა და დალოდება როდის მიაღწევს სპეციალურად მოწყობილ „ბასლაინამდე“ რაც შედეგის მომტანი ვერ იქნება და ჯამში ვერ გაზრდის ავტობუსის გადაადგილების "
ვასილ ურუშაძე

· როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი მას შემდეგ, რაც ჭავჭავაძეზე რეაბილიტაციის პროცესი დასრულდება?​

· გზის ამ მონაკვეთზე რატომ მოეწყო გაჩერებები გამზირის შუაში?​

· რამდენად მოსახერხებელი იქნება ქვეითებისთვის ტროტუარებს შორის ტრანსპორტის ლოდინი?

ვიქტორ წილოსანი ასეთი გაჩერებების მოწყობის გადაწყვეტილებას ხარჯების დაზოგვით ხსნის:

„ძალიან ბევრი მკვეთი ქუჩაა ჭავჭავაძის გამზირზე, შესაბამისად ხშირად იქიდან გამომავალი მანქანები აფერხებენ ავტობუსების მოძრაობას, რომელთა გაჩერებებიც ტროტუართან იყო მოწყობილი. ასეთი შეფერხებები კი 30% - ით ზრდის მოლოდინის სიჩქარეს, შესაბამისად ასეთ ვითარებაში უფრო მეტი ავტობუსი და მეტი ხარჯის გაწევა გვიწევდა. უხეშად რომ დავთვალოთ, ასეთი გაჩერებების მოწყობით, ყოველწლიურად საოპერაციო დანახარჯების 15 მილიონამდე ეკონომია გამოგვივა.”

ვიქტორ წილოსანი
ვიქტორ წილოსანი

ვიქტორ წილოსანის თქმით, ეს გათვლები იმ საერთაშორისო კომპანიების რეკომენდაციას ეყრდნობა, რომლებიც კონსულტაციას უწევენ თბილისის მერიას. ესენია:

Systra - ფრანგული კომპანია, შერეული გუნდი, მათ შორის ქართველი კონსულტანტები

Gopa Infra - გერმანული კომპანია, მულტინაციონალური გუნდი

Mott Macdonald - ბრიტანული კომპანია, ბრიტანული გუნდი

Ramboll -დანიური კომპანია, მულტინაციონალური გუნდი, მათ შორის ქართველი კონსულტანტები

მხოლოდ ჭავჭავაზე არ იქნება საკმარისი, იმისთვის რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდეს მოსახლეობა და შეიცვალოს ქცევა.
ეკა ლალიაშვილი


როგორც ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა განმარტა ავტობუსები იმოძრავებენ სპეციალურად გამოყოფილ ზოლში, მსუბუქი ავტომობილების საპირისპირო მხარეს.

ხოლო ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისსა და ბოლოში, უნდა მოეწყოს სპეციალური გზაჯვარედინი, რომლის მეშვეობითაც ავტობუსები ქალაქის სხვა ქუჩებში მოძრაობის სქემაზე გადაეწყობიან.

წილოსანის თქმით, ინფრასტრუქტურული ცვლილებები, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარეობს პირველ რიგში ორიენტირებულია ქვეითად მოსიარულეზე, შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტის და უკვე შემდეგ კერძო ავტომობილების კომფორტზე, შესაბამისად ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება, თუმცა გამარტივდება მოძრაობა ფეხით მოსიარულეებისთვისა და ავტობუსებისთვის.

„შუქნიშნები იქნება მორგებული ქვეითად მოსიარულეებზე, ჩვენ ჭკვიანი შუქნიშნების ცალკე პროექტი გვაქვს და ამის ავტომატიზაციაც ხორციელდება. შუქნიშნის ღილაკზე თითის დაჭერაც არ იქნება ქვეითისთვის საჭირო, რომ გზაზე გადავიდეს“ - ამბობს წილოსანი

მისი თქმით, ქალაქში იქამდეც არსებული ჭკვიანი შუქნიშნების ნაწილს დაემატება ჭავჭავაძის ამ მონაკვეთზე არსებული შუქნიშნებიც, თუმცა იმისთვის, რომ მათი მუშაობა ქმედითი იყოს საჭიროა ქალაქში სრული ქსელის ინტეგრაცია, ამას კი, დაახლოებით წელიწადნახევრი დასჭირდება.

ვასილ ურუშაძე
ვასილ ურუშაძე

ერთიანი ქსელის მნიშვნელობაზე საუბრობს „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორიც ვასილ ურუშაძეე, ოღონდ სატრანსპორტო ქსელის კონტექსტში. ის მერიის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და არაფრისმომცემს უწოდებს ინფრასტრუქტურულ ცვლილებას ქალაქის მხოლოდ ერთ მონაკვეთზე.

„ სხვადასხვა უბნებში, ვიზუალური ეფექტის მოხდენისთვის წარმოაჩენენ თითქოს ქალაქის მერი ზრუნავს ჩვენს მოსახლეობაზე და მისთვის პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ჭაჭავაძის გამზირამდე გვქონდეს სატრანსპორტო ქსელის სრული ყირამალა და ჭავჭავაძის გამზირზე მოვაწყოთ გაჩერებები.”​

სატრანსპორტო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა არსებობს- ამბობს ვიქტორ წილოსანი. თუმცა ერთიანი დოკუმენტის სახე მას არ აქვს და ჯერ არც საჯაროდ გამოქვეყნებულა თუ როგორი იქნება თბილისის სატრანსპორტო ქსელი.

“ თბილისს ექნება 10 დერეფანი Ე.წ BRT Line-ები მას ექნება მკვებავი ხაზები City Line-ები და Local Line-ები. Local Line- ებზე იმოძრავებს მიკროავტობუსები, რომლებიც მხოლოდ ვიწრო მანძილებზე ივლიან, პირობითად ვთქვათ გლდანის მეტროდან მიკრო რაიონებამდე. City Line-ები, ასევე პირობითად რომ ვთქვათ ივლიან გლდანიდან თემქაზე ან გლდანიდან ნაძალადევზე."
ვიქტორ წილოსანი


“ სამოქმედო გეგმა არის ჩვენს მიერ გამოცხადებული ის ტენდერები, რომლებიც ამ პროცესს ემსახურება. სატრანსპორტო პილიტიკის გეგმა შემუშავებულია უცხოელ კონსულტანტებთან ერთად და როცა ის დასრულდება და საბოლოო სახეს მიიღებს გაცხადდება და იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი.”- განაცხადა წილოსანმა

ვასილ ურუშაძის თქმით, გაჩერებებისა და ავტობუსების ხაზის ამგვარი მოწყობა გამოიწვევს ვაკის რაიონის პარალიზებას და პრობლემას შეუქმნის საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც.

„ჭავჭავაძეზე მსუბუქი ავტომობილების გამტარიანობა შემცირდება, თუმცა კერძო ტრანსპორტი ამით არ მოიკლებს და წარმოიქმნება უზარმაზარი კოლაფსი, მაგალითად გმირთა მოედანსა და ვარაზის ხევში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადააფრინდება, მოუწევს საცობში დგომა და დალოდება როდის მიაღწევს სპეციალურად მოწყობილ „ბასლაინამდე“ რაც შედეგის მომტანი ვერ იქნება და ჯამში ვერ გაზრდის ავტობუსის გადაადგილების სისწრაფეს.“- ამბობს „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორიც ვასილ ურუშაძე

ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითებისთვის და ველოსიპედით მოსარგებლეებისთვის მეტი სივრცის გამოყოფას პოზიტიურად უყურებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი, თუმცა კრიტიკის საფუძველს ისიც სატრანსპორტო ქსელის უსისტემობაში ხედავს.

ეკა ლალიაშვილი
ეკა ლალიაშვილი

„ როდესაც ინფრასტრუქტურა გიბიძგებს, კერძო ტრანსპორტით საცობში დგომის მაგივრად უფრო სწრაფად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდე, მოქალაქის ქცევაც იცვლება.

ქალაქში ვხედავთ ავტობუსისთვის გამოყოფილ უფრო მეტ გზას და ველობილიკს, მაგრამ ეს არ არის სიტემური, პარალელურ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს ამ უბნების ერთმანეთთან დერეფნებით დაკავშირება, მაგალითად ვაკის პროექტი გაგრძელება რომ იყოს რუსთაველზე. მხოლოდ ჭავჭავაზე არ იქნება საკმარისი, იმისთვის რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდეს მოსახლეობა და შეიცვალოს ქცევა.

საჭიროა სტრატეგია, რომ ვიცოდეთ რომელ წელს იქნება გამართული სატრანსპორტო ქსელი და რა დონეზე იქნება განვითარებული.”- ამბობს ეკა ლალიაშვილი

კრიტიკის პასუხად ვიქტორ წილოსანი ყვება თუ როგორი იქნება მათი გეგმით თბილისის სატრანსპორტო ქსელი:

“ თბილისს ექნება 10 დერეფანი Ე.წ BRT Line-ები მას ექნება მკვებავი ხაზები City Line-ები და Local Line-ები.

Local Line- ებზე იმოძრავებს მიკროავტობუსები, რომლებიც მხოლოდ ვიწრო მანძილებზე ივლიან, პირობითად ვთქვათ გლდანის მეტროდან მიკრო რაიონებამდე.

City Line-ები, ასევე პირობითად რომ ვთქვათ ივლიან გლდანიდან თემქაზე ან გლდანიდან ნაძალადევზე."

ძირითად, ანუ BRT ხაზებზე მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს. მერია ამ ცვლილებისთვის 2 წლიანი ვადა გამოყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო არ გამორიცხავენ რომ პროექტის შესრულების დრო გაიზარდოს.

როდის გამოქვეყნდება სატრანსპორტო პილიტიკის დოკუმენტი ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე მოცემულობა ასეთია, ჭავჭავაძეზე კერძო ტრანსპორტისთვის საავტომობილო გზა ვიწროვდება, ემატება ავტობუსის ხაზი, შუა გზაზე გაჩერება, თუმცა გაამარტივებს თუ არა ეს ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილებას? ამაზე პასუხი მაინც არაერთგვაროვანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG