Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საფარი" კარანტინში ახალგაზრდა ქალზე ექიმის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე მიუთითებს


არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ კარანტინში მყოფი ახალგაზრდა ქალის მიმართ ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ ილაპარაკა.

პატარაია გარემოებებს დეტალურად აღწერს. „მარტის ბოლოს, კარანტინში იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეამოწმა ექიმმა. რეალურად სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი. ექიმმა ქალს მოსთხოვა, რომ გაეხადა ფილტვების მოსასმენად, ამ გოგონამ კი უარი თქვა სრულ გაშიშვლებაზე. მას შემდეგ, რაც ფილტვები მოუსმინა და ბიუსტჰალტერი შეუხსნა ექიმმა, დაწოლა მოსთხოვა, იმისთვის, რომ სახსრები გაესინჯა. სახსრების გასინჯვისას არაერთხელ ჰქონდა არასასიამოვნო შეხებას ადგილი. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კარანტინში გადაყვანილი ადამიანები, რომლებსაც არაფერი აწუხებთ თუ უნდა შემოწმდნენ ვირუსზე, აქ არაფერ შუაშია სახსრების შემოწმება“, - აღნიშნავს პატარაია.

როგორც „საფარის“ ხელმძღვანელი ამბობს, მან კონსულტაციები გაიარა შესაბამის სფეროში მომზადებულ რამდენიმე ექიმთან და, მისი თქმით, დასახელებული შემთხვევა ყველასთვის გასაკვირი აღმოჩნდა.

„ჩვენ შევეცადეთ, რომ გაგვერკვია, რა სტანდარტი გამოიყენება ვირუსის შემოწმების დროს და მაქსიმუმ ეს არის ტემპერატურის გაზომვა, ფილტვების მოსმენა და შემდეგ უკვე რენტგენი, საუბარი არ არის არანაირ სახსრებზე“, - აზუსტებს პატარაია.

საქმეში უკვე ჩაერთო სახალხო დამცველი და ქალის ინტერესებს ორგანიზაცია საფარი იცავს. „ექიმი გამოიძახეს, გამოკითხეს, ექიმმა დაადასტურა რეალურად ქალის ასეთი გასინჯვის ფაქტი“, - თქვა პატარაია. გარდა ამისა, ორგანიზაციამ მიმართა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს, რომელიც, როგორც პატარაია ამბობს, ექიმის არაეთიკური ქცევისას, არის პასუხისმგებელი ორგანო და მას სანქციის გამოყენებაც შეუძლია.

„ამ სააგენტოდან ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის, ისინი ამბობენ, რომ აქვთ ბევრი საქმე. სააგენტო პასიურობს და ჩვენ არ ვიცით, ამ ექიმს ამჟამად ვისთან აქვს შეხება“, - შენიშნავს პატარაია.

ორგანიზაცია მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს და ომბუდსმენის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქმიანობიდან ექიმის ჩამოშორებას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG