Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: 31 წლის წინ საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქედს იხრის 1989 წლის 9 აპრილს დაღპული გმირების წინაშე.

„31 წლის წინ, 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედიც და ეს იმედი განხორციელდა უკვე ახალ 9 აპრილს, 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლეს ისტორიაში“, - უთხრა გიორგი გახარიამ მედიას გადაუდებელი დახმარების ცენტრ 112-ის ოფისთან, სადაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო მოქმედი სპეციალური ქოლცენტრის მუშაობას გაეცნო.

გახარიას სიტყვებით, „გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის და უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ წარმატებული სახელმწიფო შევქმნათ“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს შექმნის პროცესი კიდევ უფრო ეფექტური და წარმატებული უნდა გახდეს: „მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს დღეს უკვე ახალ ბრძოლაში, სხვა ბრძოლაში მოვუწოდო გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან მიგვიყვანა 1991 წლის 9 აპრილამდე“.

დღეს 31 წელი შესრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დარბევიდან.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დემონსტრანტები ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით დაარბიეს. დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად ქალები. ასობით დაშავდა.

2 წლის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა გასაბჭოების შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტთან მდებარე მემორიალთან მისვლას ტრადიციულად, იწყებდნენ დაღამების შემდეგ. წელს ასე არ მოხდა, რადგან კორონავირუს COVID-19-ის გამო, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს. გარდა ამისა, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა კრძალავს 3-ზე მეტი პირის შეკრებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG