Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ცქიტიშვილი: ბატონი ბიძინა არის დამზღვევი, გარანტი საჭიროებებისა, რომელიც ქვეყანას აქვს


ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს ახალი კორონავირუსის ფონდში 100 მილიონი ლარის შეტანის გამო. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ეს თანხა ქვეყნის მოქალაქეების დასახმარებლად გაიღო:

„ფონდი „ქართუ“, ბატონი ბიძინა, მისი ოჯახი წლების განმავლობაში არიან ის დამზღვევი, ის გარანტი ჩვენი საჭიროებების დაკმაყოფილების, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და იცით, რომ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერის, ანუ საქველმოქმედო საქმიანობა გაწია ამ ოჯახმა და ეს დახმარება ყოველთვის იყო მიმართული იქ, სადაც ყველაზე ძალიან გვიჭირდა, სადაც ყველაზე ძალიან სჭირდებოდა სახელმწიფოს და წლების წინ ეს იყო როგორც ჩვენი პოლიციის, საჯარო მოხელეების, ზოგადად, სახელმწიფოებრიობის აღდგენის და გაძლიერებისაკენ მიმართული დახმარება. გულისხმობდა მათ შორის ძალიან ბევრ პროექტს, მათ შორის სამედიცინო სფეროში, რაც ჩვენ დღეს ძალიან დაგვჭირდა ამ პანდემიასთან გამკლავების ნაწილში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ STOPCOV ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარი დიდი თანხაა და იგი მიმართული იქნება საქართველოს მოქალაქეების იმ საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, რომელის ერთობლივად შეფასდება.

„ეს თანხა არის მიმართული იმ ერთიან ფონდში, რომელშიც ყველა თანხა აკუმულირდება, სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს შეაქვთ თავიანთი შენატანი, იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობით განაწილებული, მიმართული იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ეს დახმარება სჭირდებათ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და შეგროვებული თანხა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად დაიხარჯება. ამ დროისთვის ანგარიშზე 124 543 899 ლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG