Accessibility links

მსოფლიოში „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრიზისს ელიან - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 აპრილს


რას მოელიან საერთაშორისო ორგანიზაციები COVID-19-ის კრიზისის შემდეგ

მსოფლიოში კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა ჯერ ისევ იზრდება, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ კრიზისის გადავლის შემდეგ ქვეყნებს სხვა სახის პრობლემები შეექმნებათ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტალინა გეორგიევა 2020 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის შეფერხებას ვარაუდობს.

ორგანიზაციის პროგნოზით, კორონავირუსის გლობალური პანდემია გამოიწვევს 1929-1933 წლების „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრიზისს და საჭირო იქნება ფართო მასშტაბის ჩარევა ეკონომიკის კვლავ აღსადგენად.

მომავალ კვირაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები იგეგმება, სადაც კრიზისის დაძლევის გზებზე ისაუბრებენ.

შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე კი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ი მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდებს, შეიმუშაონ ზომების კომპლექსური პაკეტი, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური პრობლემების გამო ნახევარ მილიარდამდე ადამიანის გაღატაკება.

9 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში ორგანიზაცია აცხადებს, რომ „მდიდარმა ქვეყნებმა“ კრიზისის დროს აჩვენეს, რომ ტრილიონობით დოლარის მობილიზება შეუძლიათ საკუთარი ეკონომიკების დასახმარებლად და ეს სხვა ქვეყნებისთვისაც უნდა გააკეთონ.

ამ ვითარებაში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს შეამციროს თავისი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე კორონავირუსის პანდემიის დამანგრეველი გავლენა. ერთი ნაწილი ფიქრობს, ე.წ. ეკონომიკის სტიმულირების პაკეტებით დაეხმაროს თავის რჩენაში ადამიანებს და, ამასთანავე, კომპანიებისა და ბიზნესის მძლავრი ფინანსური დახმარების გზით გააძლიეროს ეკონომიკური სექტორი. ვინ და რამდენს დახარჯავს შენელებული ეკონომიკის დასახმარებლად, ვრცლად წაიკითხე აქ.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში

დადასტურებული შემთხვევა - 218

გარდაცვლილი - 3

გამოჯანმრთელებული - 51

კარანტინში - 4829

სტაციონარში - 410

საქართველოში 9 აპრილის დილიდან - 214-დან 218-მდე გაიზარდა კორონავირუს COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რიცხვი. მათგან გამოჯანმრთელებულია 50. გარდაიცვალა 3.

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-დან 218-მდე გაიზარდა. როგორც ექიმი ამბობს, ყველა მათგანის დასნებოვნების წყარო ცნობილია: „უცხოეთიდან არის შემოტანილი“. ახლად დადასტურებული შემთხვევებიდან ორი პაციენტი არის ბათუმში, ხოლო ორი - ინფექციურ საავადმყოფოში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Stopcov-ის კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი ლარი „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა გადარიცხა. მან მთავრობის წევრებისგან გუშინ არაერთი მადლობაც მიიღო.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და შეგროვებული თანხა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად დაიხარჯება.

ივანიშვილის დონაციის შემდეგ, ანგარიშზე 124 543 899 ლარია მობილიზებული.

წაიკითხე მეტი.

გამთენიისას სამი ბლოკ-საგუშაგო ამოქმედდა ლენტეხსა და ცაგერში

ლენტეხისა და ცაგერის რაიონში ბლოკ-პოსტებისთვის ადგილები გუშინ შეარჩიეს. რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში ბლოკ-საგუშაგოები დილის 06:00 საათიდან დაიწყებს მუშაობას.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, გუშინ სოფლის ექიმები თერმოსკრინინგს აწარმოებდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეში, სადაც ინფიცირებული მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა. დაწყებულია კონტაქტების მოძიება და იდენტიფიცირებულია 56 წლის ინფიცირებულ მამაკაცთან ახლო კონტაქტში მყოფი 35 პირი. ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია.

მსოფლიოს ქართველი ჩემპიონები მსოფლიო რეიტინგის ლიდერები გახდნენ

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი უქმობისას მსოფლიოს რეიტინგი განაახლა და თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობაში ყველა წონით კატეგორიაში ჩამოწერა საუკეთესოები.

რეიტინგსიაში ქართველი სპორტსმენებიც მრავლად არიან, საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი კი, სულაც, პირველ ადგილს იკავებს თავის წონით კატეგორიაში. ოთხივე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. პრესტიჟული ტიტული 2019 წლის შემოდგომაზე მოიპოვეს ყაზახეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 130 კილოგრამი წონითი კატეგორიის რეიტინგს სათავეში უდგას გენო პეტრიაშვილი. მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონ ქართველ მძიმეწონოსანს 80 ქულა აქვს და 40 ქულით უსწრებს უმთავრეს კონკურენტს - თურქ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აკგულს. ასევე თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ) 78 ქულით ლიდერობს. სხვა ქართულ გვარებს საუკეთესოთა სიიდან, გაეცანი აქ.

ყველაზე პატარა გმირი

ერთმა თქვა, ჯგუფელმა ქორწილში დამპატიჟა და იქ მივდივარო. მეორე რეპეტიტორთან ეგულებოდათ, მესამე - ლექციაზე... მერე ყველა მორგში იპოვეს. ისე იყვნენ დაჩეხილები და დასიებულები, ამოცნობა გაჭირდა.

9 აპრილს ონავარი გმირები ჰყავს, ბავშვი გმირები, ცელქები და ცრუპენტელები, სიმართლეს რომ უმალავდნენ მშობლებს და ჩუმ-ჩუმად აქციებზე დადიოდნენ. სიკვდილზეც რაღაცნაირად მარტივად წავიდნენ, თითქოს სიცოცხლეს შატალოზე გაეპარნენო.

25 წლის, 16, ისევ 16... ეკა ბეჟანიშვილი, სწორედ ის, მამას რეპეტიტორთან რომ ეგონა, საერთოდ, 15-ის იყო.

მაგრამ 9 აპრილის ყველაზე პატარა მსხვერპლი ეკა არაა. ყველაზე პატარის სახელი საერთოდ არ ვიცით. ვიცით, რომ 25 წლის ელისო ჭიპაშვილი ექვსი თვის ორსული იყო და მასთან ერთად მისი ბავშვიც დაიღუპა.

ელისო ექთნად მუშაობდა. მის ბრიგადას მოშიმშილეებზე ზრუნვა ჩააბარეს და აქციაზეც ასე აღმოჩნდა, სამსახურიდან.

ყველაფერი სხვაგვარად რომ შეტრიალებულიყო, ახლა მისი შვილი ოცდაათი წლის იქნებოდა, სადღაც სამ თვეში კი ოცდათერთმეტის. „ეჰ, მეც ვბერდებიო“, - იტყოდა დაბადების დღეზე სიცილით. „რა დროს შენი სიბერეა, ჩვენ რაღა ვთქვათო“, - შეუბრუნებდა ვინმე, მართლა ასაკოვანი. ალბათ, იმასაც გაიხსენებდნენ, როგორ ბეწვზე გადარჩნენ ის და დედამისი 9 აპრილის ღამეს. დედაც იქვე იქნებოდა, ბებია ქეთევანიც, ელისოს სიკვდილიდან ორ დღეში რომ გარდაიცვალა.

არიან რეალური, კაშკაშა გმირები, რკინის ნებისყოფით, მრწამსით.

და არიან ასეთი გმირებიც - უნებლიე, თვითონაც რომ ვერ გაიგეს, რაში გაერივნენ.

9 აპრილის ყველაზე პატარა გმირების ამბავი წაიკითხე აქ.

ხარისხიანია თუ არა საქართველოში წარმოებული პირბადეები?

საქართველოში წარმოებული პირბადეების შესახებ არაერთმა ადამიანმა გამოთქვა უკმაყოფილება ფეისბუკში. ეს ის პირბადეებია რომლის კერვაც რამდენიმე სამკერვალოში ვირუსის გავრცელების შემდეგ დაიწყო. ის სააფთიაქო ქსელებში 50 თეთრად იყიდება.

ჩვენ პირბადეების თაობაზე კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილეს პაატა იმნაძეს. მან რადიო თავისუფლებას მოკლე ტექსტური შეტყობინებით უპასუხა.

„ეგეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადები საერთოდ არ არსებობდა. აშშ-ის CDC-ის რეკომენდაციებიც წაიკითხონ“, - წერს პაატა იმნაძე.

წაიკითხე მეტი.

გლდანში ყოფილი საბავშო ბაღის შენობა, სადაც 29 ოჯახი ცხოვრობს, კვლავ „თვითიზოლაციაშია“ მოქცეული. შენობის ეზოს 24 საათის განმავლობაში პატრული აკონტროლებს. შენობაში მცხოვრებლებს გარეთ თავისუფლად გამოსვლა მას შემდეგ აეკრძალათ, რაც ამ დასახლებაში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG