Accessibility links

დედები შვილების გადასარჩენად


”მამა რომა” (1962, იტალია, რეჟისორი პიერ-პაოლო პაზოლინი)

9 აპრილის დღეებში პაზოლინის ეს ფილმი პირველად არ მაგონდება. არ ვიცი, რატომ. შეიძლება განსაკუთრებით ტრაგიკული დღეა. 1989 წელს, იმ სისხლიანი ტრაგედიის მეორე დღეს, მგონი, მართლა აღარაფრის იმედი მქონდა. ”მამა რომა” კი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, სასტიკად უიმედო ფილმია კინოს ისტორიაში.

მარტი მიილია. მარტის დასაწყისში საქართველოში დედებს ესიყვარულებიან, ქალები ახსენდებათ. თანაც, მარტში იტალიური კინოს ამ შედევრის ავტორებს დაბადების დღე ჰქონდათ - 5 მარტს ”მამა რომას” რეჟისორი პიერ-პაოლო პაზოლინი 98 წლის გახდებოდა, მთავარი როლის შემსრულებელი ანა მანიანი კი 7 მარტს - 112 წლისა. დიახ, ორივე ”მამა რომას” ავტორია, რეჟისორიც და მსახიობიც. პაზოლინიმ თავის მეორე სრულმეტრაჟიან ფილმში ძეგლი დაუდგა იტალიური კინოს ლეგენდას და პერსონაჟს, რომელსაც ანა განასახიერებს. კი, ცხოვრებაში ძეგლებს ებრძოდა, მაგრამ ებრძოდა ”ძალაუფლების ძეგლებს”. დაჩაგრული ადამიანის წმინდანად გადაქცევაზე მას უარი არ უთქვამს. სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეტრფოდა იმას, ვინც, ფაქტობრივად, სიცოცხლე წაართვა.

1975 წლის 2 ნოემბერს რომთან ახლოს, ოსტიის დასახლებაში (ასე რომ ჰგავს რომის გარეუბანს, რომელშიც ”მამა რომაა” გადაღებული), იპოვეს პიერ-პაოლო პაზოლინის გვამი. ნაგავში ეგდო გვამი დიდი პოეტისა, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ამ ნაგავში ეძებდა ყვავილებს. მისი მკვლელი სწორედ ის ლუმპენი აღმოჩნდა, რომელსაც პაზოლინი ”ძმას” უწოდებდა. ვერსია, რომლისაც პირადად მე ყველაზე მეტად მჯერა - პაზოლინიმ გამოიწვია ის, ვისაც აღმერთებდა, და მოაკვლევინა თავი!

”მამა რომა” - ესაა არა მარტო ლუმპენების სამყარო, არამედ ”პირველადი”, ”ადრეისტორიული” სამყაროა, რომელიც ყოველთვის წარმოჩნდებოდა პაზოლინის რომანებში, ლექსებში, ფილმებში. პაზოლინის პერსონაჟები - მაწანწალები, ქურდბაცაცები, სუტენიორები, მეძავები - ამ სამყაროს ”მოქალაქეები” არიან. თანამედროვე (დასავლური!) ცივილიზაცია - მაღალი სახლები, რეკლამები, ქარხნები და ფაბრიკები - მხოლოდ შორეული ფონია მათ ცხოვრებაში. ”მამა რომას” სამყარო, - წერდა პაზოლინი, - ეს არის სამყარო ლუმპენებისა, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად თუ მიეკუთვნებიან თანამედროვე ისტორიას, სინამდვილეში ეს სამყარო შეიძლება ადრეისტორიულ, წინაქრისტიანულ ეპოქას მივაკუთვნოთ. ლუმპენების მორალმა არ იცის ქრისტიანობა, არ იცის, რა არის სიყვარული ქრისტიანული გაგებით. ამ ადამიანების მორალი მხოლოდ ღირსებაზე იგება, ისინი დროს არ მიეკუთვნებიან, ამიტომ თავიდანვე განწირული არიან დაღუპვისათვის”.

სწორედ აქედან მოდის პაზოლინის იესო ქრისტე ფილმში ”მათეს სახარება”. ამ ლუმპენების დედაა (მათი ”მადონა”) მამა რომა, რომელიც იმ მარადიული, ბუნებრივი, ისტორიისა და დროისთვის დაუმორჩილებელი გრძნობით ცხოვრობს, რომელსაც დედობა ჰქვია. ამავე სამყაროს შვილია მისი შვილიც, ეტორე, - გაუნათლებელი, ცოტაოდენ ჭკუასუსტი, ქალაქის (და ”ცივილიზაციის” ) მიერ გაუბედურებული. ფილმის ფინალში პაზოლინი მე-15 საუკუნის იტალიელი მხატვრის, ანდრეა მანტენიას, სახელგანთქმული სურათის, ”მკვდარი ქრისტეს”, კომპოზიციას იმეორებს. პაზოლინის ლუმპენი, რომელიც ვერ აეწყო ძალადობაზე აგებულ ცივილიზაციას, მთლად იესო ქრისტეს უტოლდება. ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს ყველასთვის უცხო ჟარგონზე, უარს ამბობს ყველანაირ პირობითობაზე, ვიღაცების მიერ დადგენილ კანონებზე (საზოგადოება რომ ”კულტურასა” და ”მორალს” უწოდებს), ვერ პირმოთნეობს, ვერ ტყუის, ვერ ფარისევლობს... ასეთი ადამიანი განწირულია. იგი გოლგოთაზე უდნა ავიდეს!

პაზოლინის ლექსების კრებულში დაბეჭდილია ნაწყვეტი ”მამა რომას” სცენარიდან, რომელიც ”თეთრი ლექსის” სახით დაიწერა:

”დავდივარ შეშლილი ამ წყეულ მიწაზე.

დავდივარ როგორც უპატრონო ნაგაზი.

დავდივარ და ვეძებ ჩემს ძმებს.

ძმებს, რომლებიც არ არსებობენ ამ ქვეყანაზე”.

რატომ ეძებდა პაზოლინი ”ძმებს” ამ სამყაროში? ”მამა რომას” გმირებში? ვფიქრობ, პაზოლინის თავად ჰქონდა გააზრებული პასუხი ამ კითხვაზე. როგორც რეჟისორის ბიოგრაფი, ფრანგი მწერალი დომინიკ ფერნანდესი წერს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბოლონიაში იტალიური ჟარგონის შესწავლა გადაწყვიტა, პიერ-პაოლომ იცოდა, რომ ბრძოლას უცხადებდა ოფიციალურ ენას, დადგენილ ენას, ”ნორმატიულობას” და აცოცხლებდა დავიწყებულსა და განდევნილს. ”ეს იყო, პირველ რიგში, მამის, მუსოლინის დიდი მოტრფიალის, ენის უარყოფა და დედის, სოფლელი, დაჩაგრული ქალის, ენის რეაბილიატაცია”, - წერს ფერნანდესი. გამოდის, რომ ”ძმებს” დიდი რეჟისორი, მეოცე საუკუნის კულტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი პიერ-პაოლო პაზოლინი ეძებდა იქ, სადაც დედამისის ენაზე ლაპარაკობდნენ, აქ იყო მისი სამშობლო. თუ გნებავთ, ასეც ვთქვათ - ”ველურ ადამიანებში”.

პირველქმნილის გადაქცევა პოეზიად, ნაგვისგან სილამაზის შექმნა - ესაა პიერ-პაზოლინის ადრეული ფილმები და, პირველ რიგში, ”მამა რომა”, რომელიც, გარკვეული თვალსაზრისით, რეჟისორმა თავის დედას, სუსანა პაზოლინის მიუძღვნა. ცოტა ხანში, ”მათეს სახარების” გადაღების წინ, ის სთხოვს დედას დათანხმდეს და ითამაშოს ღვთისმშობლის როლი სახარების ეკრანიზაციაში. სუსანა პაზოლინი დიდხანს იყო უარზე, მაგრამ რეჟისორმა მაინც მოახერხა მისი დათანხმება. შემდგომში, როცა პაზოლინის მოკლავენ, ეპიზოდს, რომელშიც მარიამი ჯვარცმულ ქრისტეს დასტირის, პაზოლინის წინათგრძნობად განიხილავენ. თუმცა აქვე გაიხსენებენ მანტენიას ”მკვდარ ქრისტეს” და ”მამა რომას”, რომელშიც ანა მანიანიმ თავისი შვილი უნდა დაიტიროს.

რა თქმა უნდა, ”მამა რომას” არქაულ, ”პირველყოფილ” სახვით რიგში მთავარი ანა მანიანია, რომელმაც ამ როლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა - კინოს სჭირდება არა მსახიობები, რომლებიც გარდასახვის ტექნიკას ფლობენ კარგად, არამედ, პირველ რიგში, მსახიობი-პიროვნებები... პიროვნება, როგორც ”არტეფაქტი”. ”მამა რომაში” დაინახავთ, როგორ უყვარს კინოკამერას ანა მანიანი! რამდენ ხანსაც არ უნდა უყურებდეს მაინც ვერ სწვდება მის საიდუმლოს. ”მამა რომაში” ანა მანიანის მონუმენტურობა (ამ სიტყვის ძალიან კარგი გაგებით) იმდენად თვალშისაცემია, რომ იგი ახლოს არ გიშვებს, მას ვერ გაუთამამდები. ამავე დროს, მისი სიძლიერისა თუ მონუმენტურობის მიღმა წარმოუდგენელი მასშტაბის ადამიანურობა და სითბო წარმოჩნდება. იგი თავიდანვე იყო სიმბოლო დედისა და სიმბოლო ქალისა, რომელიც სხვისთვის ცხოვრობს, სხვისი ბედნიერებისთვის ცხოვრობს. თავიდანვე განასახიერებდა სიცოცხლეს, ბუნებას, სიცოცხლის განვითარებას. პაზოლინიმ ”მამა რომაში”, უბრალოდ, ლეგენდად აქცია ეს სიმბოლო, ხოლო, ზოგადად, ეს სახე დედისა, რომელიც უძლურია გადაარჩინოს თავისი შვილი, ლამის თანამედროვე სამყაროს ნომერ პირველ ტრაგედიად აქცია.

დედა, რომელიც უძლურია გადაარჩინოს თავისი შვილი. უკვე მესამედ მახსენდება 9 აპრილის დღეებში ”მამა რომა”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG