Accessibility links

site logo site logo

უკრაინაში სამი სასულიერო პირი დააჯარიმეს ბზობაზე ტაძარში მრევლის მიყვანისთვის


უკრაინის სამართალდამცველებმა სამ სასულიერო პირს დააკისრეს ადმინისტრაციული ჯარიმა, მართლმადიდებლური ბზობის დღესასწაულზე ეკლესიაში ხალხმრავლობის გამო, რასაც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა, „უპასუხისმგებლობა და ადამიანის ჯანმრთელობისადმი უპატივცემულობა უწოდა“.

კორონავირუსის ეპიდემიის ვითარებაში უკრაინაში მოქმედი კარანტინის გამო უკრაინის ავტოკეფალურმა ეკლესიამ მრევლს მოუწოდა, რომ არ შეკრებილიყვნენ 12 აპრილს ტაძრებში და საკურთხებლად არ მიეტანათ ბზის ტოტები.

მრევლს შინ დარჩენისკენ საგანგებოდ მოუწოდა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ.

„ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მეთოდი ჩვენი მხრიდან მოყვასთა დახმარებისა - შინ დარჩენა და თვითიზოლაციაა“, - განაცხადა ეპიფანემ.

თუმცა, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა, კლიმენტიმ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასულიერო პირები კარანტინს ანგარიშს უწევენ, მაგრამ მათ ეკლესიებში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღვთისმსახურებაში თითქმის არაფერი შეიცვლება.

ბზობაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტზე, როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, სამ საეკლესიო პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა. 12 საქმე შესწავლის სტადიაშია.

„ჩვენთან სინდისის თავისუფლებაა, მაგრამ იქონიეთ სინდისი“, - წერს არსენ ავაკოვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG