Accessibility links

გრიგოლ ვაშაძე: პანდემია დამთავრდება და მიიღებენ საკადრის პასუხს


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა „არაფრის გამო, შეთითხნილი ბრალდებით“ მიუსაჯეს.

დღეს, 13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილის პარლამენტში შეჭრის მცდლობის შემდეგ დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო „ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისათვის, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ ვაშაძემ მედიას უთხრა, რომ ქვეყანაში არაფერი არ მუშაობს ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს გარდა.

„ირაკლისთან ვიყავი მთელი ის საღამო. რა შეთქმულება, რა ორგანიზება, რა სახელმწიფოს დამხობის იმაში მონაწილეობა?! სამარცხვინო არის აბსოლუტურად. ეხლა ამათ ჰგონიათ, რომ რახან პანდემია არის, ეს ყველაფერი ისე ჩაივლის. არავითარ შემთხვევაში ისე არ ჩაივლის ეს, არც ოპოზიციის მხრიდან და არც იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების და საელჩოების ხელმძღვანელების მხრიდან, რომლებმაც ფაქტიურად, თავის რეპუტაციაზე იტვირთეს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება. მორჩება ეს პანდემია და ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გარეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ? ვაშაძემ უპასუხა: „გადაწყვიტონ როგორ. როგორც შეთითხნეს ეს საქმეები, ისე მონახონ ამ საქმეებიდან გამოსავალი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შეფასებით, ოქრუაშვილის „პოლიტიკურ, თითიდან გამოწოვილ საქმეში“ არცერთი მტკიცებულება არ არის. გრიგოლ ვაშაძის თქმით, მისთვის სულერთია, რა გამოსავალს იპოვის ხელისუფლება, შეწყალებას თუ რაიმე სხვა გზას: „მონახონ გამოსავალი იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პანდემია დამთავრდება და მიიღებენ საკადრის პასუხს“.

ვაშაძის განცხადებითვე, თუ ყველა პოლიტპატიმარი არ გათავისუფლდება, არ იქნება საარჩევნი საკითხებზე ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმება: „სხვა რაღაცეებიც არის მოფიქრებული, სიმართლე გითხრათ, უბრალოდ, ამაზე არ მინდა ეხლა ლაპარაკი. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ოპოზიცია უძლური არის და თუ მათ ჰგონიათ, რომ ამ კორონავირუსის პანდემიამ ისე მოაძლიერა ხელისუფლება, რომ პრობლემები არ ექნება, ძალიან ცდებიან“.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG