Accessibility links

რომან გოცირიძე: ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობაში ორმაგ სტანდარტებს ამკვიდრებს


რომან გოცირიძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების დაცვისაკენ მოუწოდებს. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, ვინც ზრუნავს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დასაცავად და ვინც პატივს სცემს კანონს, თუმცა მათ შორის, მისი აზრით, არ არის ხელისუფლება, რადგან იგი კანონის მიმართ ქვეყანაში ორმაგ სტანდარტს ამკვიდრებს.

„გუშინ ვნახეთ, ჩვენ რა ხდებოდა ქუჩაში, რა ხდებოდა ბზობაზე, თუ როგორ იცავდნენ კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის წესებს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქეები და ხელისუფლების ეს ქმედება, სამწუხაროდ, განპირობებული იყო პოლიტიკური მიზანშეწონილობით, საზოგადოების გარკვეული ნაწილის და გარკვეული გავლენიანი წრეების გულის მოსაგებად, რასაც საბოლოოდ, ასე ვთქვათ, საარჩევნო სუნი დასდევდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მან მოუწოდა ხელისუფლებას, უმკაცრესად დაიცვას საგანგებო მდგომარეობის ის წესები, რომელსაც, მისი თქმით, ოპოზიციამ უპირობოდ და უკრიტიკოდ დაუჭირა მხარი.

მისივე თქმით, მთავრობამ სახლში გამოკეტილი მოქალაქეების მდგომარეობაზე სათანადოდ უნდა იზრუნოს და დროულად წარადგინოს ანტიკრიზისული გეგმა, რომელშიც სახლში დარჩენილი ადამიანების მიზნობრივი, ფულადი და სასურსათო დახმარების ღონისძიებები გაიწერება. რომან გოცირიძის თქმით, ასევე დაუყოვნებლივ უნდა მომზადდეს ბიზნესის გადარჩენის გეგმა.

21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო, განსაკუთრებულად მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს მარნეულის, ბოლნისის, ლენტეხისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

13 აპრილის 17:30 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 266 შემთხვევაა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG