Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან ცხინვალში დაბრუნებულ მოქალაქეებს სტაციონარულ კარანტინში უშვებენ


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ როკის გვირაბთან, რუსეთის ფედერაციის ე.წ. საზღვარზე, გადაადგილების შეზღუდვა პირველ მაისამდე გააგრძელა. ბიბილოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გადაადგილების უფლება აქვთ მხოლოდ სატვირთო მანქანების მძღოლებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რუსულ სამხედრო ბაზებზე დასაქმებულებსა და სპეციალური საშვის მქონე პირებს, ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნება კი დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს ვლადიკავკაზში არსებულ საკონსულო ოფისში შედგენილ სპეციალურ სიაში მოხვედრის შემდეგ შეეძლებათ, თუმცა მათ ორკვირიან სტაციონარულ კარანტინში გადაიყვანენ. ბიბილოვის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ მცირე მეწარმეებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გამოიწვია. მეწარმეები, რომლებიც რუსეთიდან ცხინვალში პროდუქტების შეტანით იყვნენ დაკავებული, პროტესტის ნიშნად დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ შეიკრიბნენ. მათი თქმით, საზღვარზე შერჩევითი დამოკიდებულების გამო მათი ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამიტომ ხელისუფლებისგან შეღავათებს ითხოვდნენ. მეწარმეებს ისიც აინტერესებდათ, როგორ დაიცავენ ორკვირიან საკარანტინო რეჟიმს რუსული სატვირთო მანქანების მძღოლები.

ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

მეწარმეებს შეხვდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი, და მკაცრი ტონით ელაპარაკა. ამ შეხვედრის ამსახველი კადრები დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა. ბიბილოვის თქმით, რუსი მძღოლები მანქანებიდან არ გადმოვლენ, მათ საკვებს სალონშივე მიაწვდიან, გადმოტვირთვის შემდეგ კი ისინი მაშინვე რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრებიან, ხოლო რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, ბიბილოვის თქმით, ვინც არ უნდა შევიდეს ცხინვალში, ის სავალდებულო სტაციონარულ კარანტინში უნდა წავიდეს.

„მკაცრი შეზღუდვების გარეშე მოსახლეობის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველვყოფთ. არ ამართლებს თვითიზოლაცია. ადამიანი, დავუშვათ, ჩამოვიდა რუსეთიდან, ის სახლში მშობლებს ხვდება, მშობლები შემდეგ მეზობლებთან გადადიან და ასე შეიძლება უკონტროლო გავრცელება მივიღოთ რესპუბლიკაში, ამიტომ ყველა, ვინც საზღვარზე შემოვა, საავადმყოფოს კარანტინში გადავა ისე, რომ მანქანიდანაც არ გადმოვა“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

მისი გადაწყვეტილება უკვე გააკრიტიკეს ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტებმა. რადიო თავისუფლების ადგილობრივი წყარო აცხადებს, რომ ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, როცა რუსეთიდან შემოსული ყველა მოქალაქე ერთ საავადმყოფოში გადაჰყავს.

„წარმოიდგინეთ, ჩრდილოეთიდან ჩამოსულ ერთ მოქალაქესაც კი უსიმპტომო ინფექცია რომ ჰქონდეს და ის სხვებთან ერთად გადაიყვანონ საავადმყოფოში. იქ ექიმებს სპეციალური ეკიპირებაც კი არ გააჩნიათ. ერთმა ვირუსიანმა შეიძლება მთელ საავადმყოფოს - მედპერსონალსაც და პაციენტებსაც - გადასდოს ვირუსი. მერე სად მივდივართ? დარჩება ადამიანი, ვინც შეძლებს დაავადებულების მკურნალობას? ამაზე რატომ არ ფიქრობენ? რა პრობლემა იყო ერთი სასტუმროს გამონახვა, რომ იქ შეეყვანათ ჩამოსული ხალხი, ასე ხომ უფრო საიმედო იქნებოდა ინფექციის მართვა, მით უმეტეს, რომ სასტუმრო „ირისტონი“ ახლა ცარიელია“, - ამბობს რადიო თავისუფლების წყარო.

ცხინვალში შეშფოთებას ის ფაქტიც იწვევს, რომ მეზობელ ვლადიკავკაზში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. იქ უკვე ინფიცირების 40 შემთხვევაა გამოვლენილი. ცხინვალელები კი ისევ იკრიბებიან ქუჩებში, სკვერებში და ნაკლებად იცავენ თვითიზოლაციის წესებს. ჟურნალისტი ფატიმა თურმანოვა საკუთარ დაკვირვებას „ეხო კავკაზას“ უზიარებს.

„ჩემი დაკვირვებით, სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები მოდუნებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. არ ვიცი, ეს რასთანაა დაკავშირებული. ალბათ, არამხოლოდ იმასთან, რომ ჩვენთან ვირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. თუ ეს ყველაფერი მენტალურ თავისებურებებთან არის დაკავშირებული? ჩრდილოეთ ოსეთში დაფიქსირებულია უკვე შემთხვევები და იქაც ჩვენნაირი ზომები აქვთ მიღებული. სამწუხაროდ, არის რაღაც, მე მას ვუწოდებდი სექტას, მათ შორის არიან საკმაოდ ცნობილი ადამიანებიც, რომლებიც ვირუსის მცირე საფრთხესაც კი უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გრიპი, სხვა დანარჩენი კი ინფოდემია და კულისებსმიღმა მსოფლიო შეთქმულებაა. ისინი მავნებლები არიან, იმიტომ რომ ვირუსი არსებობს და ეს გრიპი არაა. ღმერთმა ქნას, რომ შემდეგშიც არ დაფიქსირდეს შემთხვევები, მაგრამ უსაფრთხოების ზომები უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ ჩვენი მედიცინა ხალხის დიდი ნაკადის მისაღებად მზად არ არის“, - ამბობს ფატიმა თურმანოვა.

ოსი ფილოსოფოსი, დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, სოციალურ ქსელ ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ არავითარი თვითიზოლაცია არ არსებობს.

„იძულებული ვარ პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ცხინვალში თვითიზოლაციისა და კარანტინის რეჟიმი არ არის დაცული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გვეყოლება პირველი ინფიცირებული, მაშინ ყველაზე ცუდი სცენარი გველოდება: ათობით ავადმყოფის ერთბაშად საავადმყოფოებისთვის მიმართვა და დაღუპულები“, - წერს კოსტა ძუგაევი.

პოსტის ქვეშ სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი აკეთებს კომენტარს, რომ საუკეთესო იზოლაცია როკის გვირაბთან 12 მეტრის ჩაკეტვაა.

„გააძლიერონ კონტროლი საზღვარზე, ეს სავსებით შესაძლებელია - სულ რაღაც 12 მეტრი. ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითიზოლაცია“.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში იმყოფება 208 ადამიანი.

დე ფაქტო ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფ საინფორმაციო სააგენტო „რესს“ მოჰყავს რესპუბლიკის მთავარი სანიტარიული ექიმის, მარინა კოჩიევას, განცხადება, რომ თვითიზოლაციაში მყოფთა უმეტესობა რუსეთიდან დაბრუნებული სტუდენტია. კოჩიევას ცნობით, ცხინვალის საავადმყოფოში სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშაა 5 ადამიანი და 1 ზნაურის რაიონში.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას 1 მაისამდე დაკეტილი აქვს რუსეთთან ე.წ. საზღვარი. ამასთან, რუსეთიდან ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნება შეუძლიათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, რომ დღემდე „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG