Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შეცვალა ან რას შეცვლის კორონავირუსი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში? 


ავტორები: რომან პაგულიჩი, მაიკლ ეკელი, კობა ლიკლიკაძე

კორონავირუსის პანდემიის ფონზე მეორე პლანზე გადავიდა სხვა ცნობები, მათ შორის, ინტენსიური სროლებისა და საბრძოლო მოქმედებების შესახებ აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც, მეექვსე წელია, გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება უკრაინის თავდაცვით ძალებსა და მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. დონბასისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სამხედრო დანაყოფებს შორის.

აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზიდან ბოლო დღეებში მოსული ცნობები ცხადყოფს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ხილულის გარდა, ახლა უკვე უხილავი მოწინააღმდეგისგან თავდაცვაც დაეკისრა.

თუმცა ამერიკელი დიპლომატები, რომლებმაც NPR-ში კოლექტიური წერილი გამოაქვეყნეს, კორონავირუსის კრიზისში უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გადაჭრის შესაძლებლობას ხედავენ.

პანდემიის საშიშროება და ჯარისკაცების ქცევა

ბოგდან პეტრიკი, უკრაინის 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის ჯარისკაცი, ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე ყოფნა უკვე „თვითიზოლაციის თავისებური ფორმაა“: „შენ იმყოფები პოზიციაზე და არ შეგიძლია მისი დატოვება და სადმე წასვლა. კორონავირუსის გამო ჩვენი ყოფა დიდად არ შეცვლილა, მაგრამ შეიცვალა ჩვენი ქცევები“. ბოგდანი ერთ-ერთია იმ, დაახლოებით, 40 ათას სამხედრო მოსამსახურეს შორის, რომლებიც უკრაინას მობილიზებული ჰყავს დონბასის 400 კილომეტრზე გადაჭიმული ფრონტის ხაზის დასაცავად.

კორონავირუსის პანდემიამ გარკვეული ცვლილებები მაინც შეიტანა ფრონტის ხაზზე მდგარი ბრიგადების ტრადიციულად მკაცრ სამხედრო შინაგანაწესში. როგორც ყველა, სამხედროებიც ვალდებული არიან ატარონ დამცავი პირბადეები და ხელთათმანები, დაიცვან სოციალური დისტანცია, რაც არ არის იოლი სანგრებსა და ყაზარმებში, სადაც ჯარისკაცები საბრძოლო მორიგეობის შემდეგ დასასვენებლად და ძალების მოსაკრებად ბრუნდებიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაციების შტაბის (JFO) ცნობით, ფრონტის ხაზზე მყოფ ქვედანაყოფებში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ეს თვითდამშვიდების საშუალებას არ იძლევა იმ ფონზე, როდესაც უკრაინის მთელ ტერიტორიაზე იზრდება COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევები.

13 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით დაავადებულია 3 100 კაცზე მეტი. მათგან 97 პაციენტი განიკურნა, ხოლო 93 გარდაიცვალა.

კორონავირუსით დაავადების ჯერჯერობით ერთი შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. სამხედრო უწყების თანახმად, ივანო-ფრანკოვსკის სამხედრო ბაზაზე კორონავირუსი სამხედრო მოსამსახურე ქალს აღმოაჩნდა.

ამ შემთხვევის შემდეგ უკრაინის არმიის სარდლობამ გაამკაცრა პრევენციული სანიტარიულ-ჰიგიენური ზომები სტაციონარულ სამხედრო ნაწილებში და, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაციის შტაბის ცნობით:

  • ფრონტის ხაზზე მყოფ პირად შემადგენლობას ყოველდღიურად უზომავენ სიცხეს;
  • სკრინინგი და სიცხის შემოწმება უტარდება ყველა პირს, ვინც ფრონტის ხაზზე ჩადის სამხედრო თუ ჰუმანიტარული მისიით;
  • დეზინფექცია უტარდება ასევე სამხედრო ტექნიკას და სამხედრო ობიექტებს;
  • პირად შემადგენლობას ასწავლიან, თუ როგორ დაიცვან ჰიგიენა თავიანთ განლაგებაში;
  • აღმოსავლეთ უკრაინაში, ფრონტის ხაზის მახლობლად, მოეწყო 4 მობილური საავადმყოფო, რომელიც მზად არის კორონავირუსით დაავადებული 250 პოტენციური პაციენტის მისაღებად;
  • ასეთი სამედიცინო პუნქტები აღჭურვილია ფილტვების 45 ვენტილატორით;
  • სარდლობამ 40 ათასი სანიტარიული პირბადე დაარიგა ფრონტის ხაზზე საბრძოლო პოზიციებზე მყოფი პირადი შემადგენლობისთვის. მათთვის მარაგშია 10 ათასი რესპირატორ-აირწინაღი.

გარდა ამისა, გამოცხადდა ორკვირიანი აუცილებელი კარანტინი ყველა იმ ქვედანაყოფისათვის, რომელიც დემობილიზებული სამხედრო დანაყოფების ჩასანაცვლებლად იგზავნება აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, კვლავ ხშირად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.


„წითელი რეჟიმი“ ფრონტის ხაზზე

11 აპრილს რუსმა დაქირავებულებმა, როგორც უკრაინული ოფიციოზი უწოდებს სეპარატისტებს, 8-ჯერ გახსნეს ცეცხლი და სამი უკრაინელი ჯარისკაცი დაჭრეს შიროკინოს, პესკოვოს, ნოვოტოშკოვსკის მახლობლად მდებარე უკრაინის თავდაცვითი პოზიციების ინტენსიური დაბომბვის შედეგად.

სხვადასხვა ინტენსივობით სროლები გრძელდებოდა ფრონტის სხვა მონაკვეთებზე. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძირითადად საღამოსა და ღამის საათებში ირღვევა.

„დღისით ძალთა დაშორიშორების ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს თვალს ადევნებენ ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები. ამიტომ, როგორც კი მოსაღამოვდება და პატრულირების შემდეგ მონიტორები თავიანთი მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდებიან, სეპარატისტული დანაყოფები სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო დანადგარებიდან ცეცხლს უშენენ უკრაინის თავდაცვითი ძალების პოზიციებს. აქტიურად მოქმედებენ ასევე სნაიპერები, რომელთა აღმოჩენა და განეიტრალება დიდი პრობლემაა ასეთი ინტენსივობის კონფლიქტებში“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ფრონტის ხაზის მარიუპოლის მიმართულებაზე იმყოფებოდა სხვა მოხალისეთა ქვედანაყოფების მეთაურებთან ერთად.

გავრცელებული ინფორმაციით, გასული კვირის ბოლოს აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ქვეყნის პრეზიდენტს სურდა, პირადად ენახა უკრაინელი ჯარისკაცების ყოფა სამხედრო სარდლობის მიერ შემოღებული მკაცრი კარანტინის პირობებში

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩვენი ჯარისკაცები დღეს ცხოვრობენ ე.წ. წითელი რეჟიმის პირობებში: შეზღუდულია მათი მივლინებები და გადაადგილება ქალაქებს შორის, ისინი იყენებენ დაცვის საშუალებებს, მუდმივად იზომავენ ტემპერატურას. კორონავირუსის პანდემიის გამო ორჯერ უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ ჯარისკაცებზე“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც დონბასში ყოფნის დროს განაცხადა, რომ ძალთა დაშორიშორების თაობაზე მიღწეულმა შეთანხმებამ შეამცირა სროლების რაოდენობა გაერთიანებული ოპერაციების ზონაში.

უფრო ადრე უკრაინის მთავრობამ და რუსეთის მხარდაჭერით ამ ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედმა სეპარატისტებმა მიაღწიეს შეთანხმებას პატიმრების კიდევ ერთი ნაწილის გაცვლის შესახებ 19 აპრილამდე, როცა მართლმადიდებელი ეკლესიები აღდგომას აღნიშნავენ. ამის შესახებ ცნობა გაავრცელეს რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა ეგრეთ წოდებულ სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში ვიდეოკონფერენციის შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, საიტის თანახმად, მოლაპარაკების დროს მიაღწიეს „ფუნდამენტურ შეთანხმებას დაკავებული პირების სიების გარშემო მათი ორმხრივი გაცვლისთვის“ არაუგვიანეს 19 აპრილისა.

არის თუ არა კორონავირუსი მშვიდობის დამყარების შანსი

კორონავირუსის პანდემიისა და მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ლიდერებს ეძლევათ რეალური შესაძლებლობა უკრაინაში ომი დაასრულონ, - ასეთი მოსაზრება გამოთქვა უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამმა ყოფილმა ელჩმა: სტივენ პფაიფერმა, ჯონ ჰერბტსმა და უილიამ ტეილორმა აშშ-ის საზოგადოებრივ რადიოში (NPR-ში) გამოქვეყნებულ ერთობლივ პუბლიკაციაში.

„ვინაიდან კორონავირუსის გავრცელება და ნავთობის ფასის ვარდნა სულ უფრო მეტ ტვირთად აწვება კრემლს, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უნდა შესთავაზონ რუსეთს სანქციების გაუქმება, თუ პუტინი შეწყვეტს სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში“, - წერენ ელჩები და დასძენენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და კონგრესმა, ეს ინტერესები უნდა გამოიყენონ და გადადგან მტკიცე ნაბიჯი ამ ომის შესაჩერებლად.

„თუ პუტინი მზად იქნება, რომ გაიყვანოს ჯარები [მოსკოვის მიერ 2014 წელს ანექსირებული უკრაინის ყირიმის რეგიონიდან], მაშინ შესაძლებელი იქნება ამ უკანონო ანექსიის გამო დაკისრებული სხვა საქნციების გაუქმებაც“, - წერს აშშ-ის სამი ყოფილი ელჩი აშშ-ის საზოგადოებრივ რადიოში (NPR-ში) გამოქვეყნებულ ერთობლივ პუბლიკაციაში.

რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ევროკავშირისა და აშშ-ის ეკონომიკური სანქციები 2014 წლის 31 ივლისიდან შევიდა ძალაში და რამდენჯერმე გაფართოვდა, მოსკოვის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიისა და დონბასის დესტაბილიზაციის პასუხად.

კრემლი უარყოფს ყირიმის ანექსიას და აცხადებს, რომ ყირიმი რუსეთს ნებაყოფლობით „შეუერთდა“. დონბასში მიმდინარე კონფლიქტს კი რუსეთი უწოდებს უკრაინის სამოქალაქო ომს.

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩების მოსაზრებას გარკვეულწილად იზიარებს უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი, რომელიც არც იმას გამორიცხავს, რომ კორონავირუსით გამოწვეული შიდა პრობლემების გადაფარვა პუტინმა კვლავ „საგარეო გამარჯვების“ დემონსტრირებით სცადოს.

„მომდევნო თვეების მანძილზეც კი არ გამოვრიცხავ ესკალაციას. ის შესაძლოა იყოს ლოკალური ან უფრო ღრმა. ვფიქრობ, რომ პუტინი შეხედავს, თუ როგორ განვითარდება კორონავირუსის პანდემია აქ, უკრაინაში, რათა გარკვეულად გაამწვავოს საინფორმაციო ომი და შემდეგ ამით ითამაშოს. ყველა ამ ვარიანტისა და სტრატეგიის მიუხედავად, არ ვარ დარწმუნებული, პუტინმა იცოდეს, თუ როგორ იმოქმედებს. იგი ძალიან ხშირად მოქმედებს ემოციურად, იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია“, - ამბობს პავლო კლიმკინი, უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.

სამხედროების ინფორმაციები კიდევ უფრო ნაკლებად ოპტიმისტურია.

მიუხედავად კორონავირუსის კრიზისისა, რუსეთის ქმედებებში არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კრემლს სურდეს დონბასის დეესკალაცია.

„მარტში რუსეთიდან დონბასში შეიტანეს 30 ვაგონი საბრძოლო მასალა და ტყვია-წამალი, აპრილის დასაწყისში კი - ჯერ ორი ვაგონი. სროლების ინტენსიურობაც იგივეა“, - აცნობა უკრაინის მთავარი სამხედრო დაზვერვის წყარომ საიტ „დონბას რეალიის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG