Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო: ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას


აშშ-ის საელჩომ საქართველოში გაავრცელა განცხადება ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების შესახებ.

„ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას - საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს, 14 აპრილს გამოქვეყნდა საელჩოს ფეისბუკგვერდზე.

13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

20-21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილის პარლამენტში შეჭრის მცდლობის შემდეგ დაკავებული ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო „ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობისათვის, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა“.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების აქტიური მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG