Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცია შაბათის უფალი?


ყველაფერს აქვს ფორმა და შინაარსი, მათ შორის რწმენასაც. ხშირად, რაც შინაარსი გვგონია, დროში ცვალებადი ფორმა აღმოჩნდება ხოლმე.

„ქრისტიანობას ეზიზღება სხეული, ჰიგიენა ავხორცობად არის ჩათვლილი. ეკლესია ზურგს აქცევს სისუფთავეს და სისალუქეს“, - წერდა ერთი ძალიან ცნობილი ფილოლოგი შუა საუკუნეების ქრისტიანებზე, რომლებიც თურმე დონ კიხოტის სერიოზულობით ებრძოდნენ თერმებსა და აბანოებს.

დღევანდელ ქრისტიანებს ეს ამბავი სასაცილოდ არ ჰყოფნით. ყოველ შემთხვევაში, იშვიათი და ეგზოტიკური გამონაკლისის გარდა, არავინ აბამს ერთმანეთზე ჰიგიენისა და რწმენის საკითხებს. ასევე შეიცვალა მედიცინისა და სამეცნიერო ტექნიკური პროგრესისადმი დამოკიდებულება. აღარავინ მიიჩნევს აპენდიციტს ღვთის რისხვად, ასევე არავინ მიიჩნევს ეშმაკეულად შიდაწვის ძრავას, არავინ ამბობს უარს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებებზე, კომპიუტერულ ტექნიკაზე, ინტერნეტზე; ღვთისმსახურებისას მასობრივად იყენებენ მიკროფონებს, ხმის გამაძლიერებლებს, ვიდეოკამერებს, პირდაპირი ტრანსლირების მოწყობილობებს და ა.შ. - ყველაფერი ეს ხუთასი, სამასი და თუნდაც ასი წლის წინ მცხოვრები ქრისტიანებისთვის გულისამრევი მკრეხელობა იქნებოდა, მაგრამ, ისიც ვთქვათ, რამდენი ქრისტიანი იცინის დღეს წინაპრების გულუბრყვილო გაბრაზებაზე?

კორონავირუსის პანდემიის დროსაც ჩვენ ვხედავთ როგორ უტარდება დეზინფექცია ეკლესიას, საეკლესიო ინვენტარს; როგორ ცდილობენ სალოცავად მისული პირბადიანი ადამიანები, უსაფრთხოების მიზნით, დისტანციის დაცვას... - ძველი ქრისტიანების პოზიციიდან, ესეც აუხსნელი საქციელია. თუ კარგად დავფიქრდებით, განა ამგვარ ქცევას (ჯანმრთელობაზე ზურნვას) იმდენივე საერთო არ აქვს რწმენის საკითხთან, რამდენიც მკრეხელობასთან ჰიგიენის მიბმას?

ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ ვირუსს შეუძლია მოკლას ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანი. გაუფრთხილებლობით - ხელების არდაბანით, ნიღბისა და სოციალური დისტანციის უგულებლყოფით სიკვდილი კი ისევეა შინაარსისგან დაცლილი, როგორც იმ ძველი, აბანოების მოშიში ქრისტიანების ქცევა.

სწორედ ამგვარ, უშინაარსო სიკვდილისკენ მოწოდებას ჰგავს ეპიდემიის პიკზე ადამიანების ერთ სივრცეში (ეკლესიებში) მიპატიჟება, თანაც მიპატიჟება კანონისა და საგანგებო მდგომარეობის უხეში დარღვევით, რასაც ვერაფერს უპირისპირებს საქართველოს მთავრობა. ის, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატრიარქოში გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა („ეკლესიის ეგზისტენციალური ამოცანაა, რომ ეკლესია არ უნდა დაიხუროს, რაც გასაგებია“), ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის თვალი დახუჭოს (ბევრი ადამიანისთვის სასიკვდილო საფრთხის შემცველ) კანონის დარღვევაზე და მიენდოს მოქალაქეების„გონიერებას და სიბრძნეს”.

არადა, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი, მერაბ ქართველიშვილი ამბობს, საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვანად მთავრობას აკისრია და სწორედ მთავრობაა ვალდებული დაიცვას საგანგებო მდგომარეობით შემოღებული წესები, თუმცა, მერაბ ქართველიშვილი იმასაც ამბობს, რომ მთავრობას არ შეუძლია რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა (მაგ. საკულტო შენობების დახურვა), ამისთვის საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის დეკრეტის გამოცემა არ კმარა.

„კონსტიტუციით, რელიგიის თავისუფლება მხოლოდ კანონით შეიძლება შეიზღუდოს. თუ მთავრობა ვერ ახდენს პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ვერ ახერხებს საკითხის მოლაპარკების გზით გადაჭრას, მაშინ უნდა შეცვალოს კანონი, რაც, წესით, არ უნდა გაუჭირდეს მმართველ პარტიას, რომელსაც ცვლილებისთვის საჭირო უმრავლესობა აქვს პარლამენტში. მთავრობა ვალდებულია დაიცვას როგორც მორწმუნეების, ასევე სხვა ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა. ეს საკითხი მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობაა“, - უთხრა მერაბ ქართველიშვილმა რადიო თავისუფლებას.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ პირდაპირი გაგებით ეკლესიების დახურვას არც არავინ ითხოვს. თეოლოგ ბექა მინდიაშვილის თქმით, საუბარია, მხოლოდ მრევლის დროებით დათხოვნაზე:

„შეკრება ქმნის ვირუსის გადაცემის საფრთხეს. სასულიერო პირებს შეუძლიათ ჩაატარონ ნებისიმერი სახის ღვთისმსახურება დახურულ ტაძარებში, როგორც ამას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები აკეთებენ. აუხსნელია, რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო შექმნილ ვითარებას. ამას ბიოტერორიზმი შეიძლება ვუწოდოთ, იმიტომ, რომ ვირუსის შეგნებული გადაცემის ხელშეწყობა სწორედაც რომ ბიოტერორიზმია.“

ბექა მინდიაშვილდის თქმით, სახარება იძლევა უამრავ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში ეკლესიამ იხელმძღვანელოს არა ტრადიციული რიტუალების შესრულებით, არამედ იხელმძღვანელოს პრინციპით: კაცის ძეა შაბათის უფალი, რადგან შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.

„ანუ ადამიანი კი არ არსებობს ცნებისთვის, არამედ ცნება არსებობს ადამიანისთვის. შეიძლება რიტუალების, ტრადიციების, მსახურების ნებსმიერი მოდიფიაცია ადამიანის სასიკეთოდ. დღეს ეგზისტენციურ აუცილებლობას წარმოადგენს ის, რომ ადამიანი იყოს იზოლირებული, ჰქონდეს რაც შეიძელბა მცირე კონტაქტი. რელიგიური პასუხისმგებობაა ამ დისტანციასა და იზოლაციაზე ზრუნვა, რათა ადამიანის სიცოცხლე დავიცვათ“, - უთხრა ბექა მინდიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

როგორც ჩანს, ადამიანების სიცოცხლის დაცვაზე მეტად საქართველოს მთავრობას ადამიანების „საარჩევნო ხმების“ დაცვა აღელვებს. საქართველოს საპატრიარქოსთან დაპირისპირება ხომ, პირველ რიგში, სწორედ ხმების დაკარგვის რისკს შეიცავს. გიორგი გახარიას წამოცდენაც, „საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა“ სულაც არ არის წამოცდენა. გასათვალისწინებულია ივანიშვილის ფაქტორიც და ის, რომ გახარია არ არის დამოუკიდებელი და ისეთი წონის პოლიტიკოსი, რომელიც არჩევნების წინ ღია კარს დაუწყებდა მტვრევას, მითუმეტეს თუ ეს კარი ეკლესისაა!

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG