Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: მესმის, ეკლესიამ ღვთისმსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც - ზოგჯერ შეცვლილი ფორმით


 სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

„დღეს წითელი პარასკევია - დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე, და უჩვეულოა, რომ ამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალოს, მიმართოს თავის ხალხს”, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ახლა იწყება შიდა გავრცელების კრიტიკული ფაზა, რომელიც გულისხმობს ინფიცირებულების რაოდენობის მკვეთრ ზრდას და, დიდი ალბათობით, მსხვერპლის მნიშვნელოვნად მატებას.

„ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას, თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნები ვერ ასცდნენ.

თუ დაწვრილებით არ ვიცით და ვერ გავთვლით, როდის იქნება პიკი, ერთი რამ მაინც კარგად უნდა გვესმოდეს - ის, რომ პიკი გარდაუვალია - ისევე, როგორც უნდა გვესმოდეს, რომ ეს დაავადება ყველას შეიძლება შეეხოს“, - ამბობს პრეზიდენტი.

პრეზიდენტმა მიმართვაში დრო დაუთმო აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხს.

„ძალიან კარგად მესმის, და მერწმუნეთ, მე პირადად არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გამო შესაძლოა, ვერ შეხვდეთ აღდგომას ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს“, - ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელმა საქართველოს მოქალაქეებმა ასევე დაიცვეს კანონი თავიანთი დიდი დღესასწაულების აღნიშვნის დროს, რისთვისაც მათ მადლობას უხდის.

რაც შეეხება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ზურაბიშვილი აქცენტს კონსტიტუციურ შეთანხმებაზე აკეთებს.

„მე, როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატის გარანტს, კარგად მესმის, რომ ეკლესიამ თავისი ღვთისმსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც - ზოგ შემთხვევაში შეცვლილი ფორმით. როგორც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ხდებოდა, ეკლესიის ლოცვა ერის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, და ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. დამერწმუნეთ, რაც არ უნდა სურვილი და იმედი ჰქონდეს ზოგიერთს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს. შინ დარჩენილებიც, საერთო ლოცვას შინიდან შევუერთდებით. ამით გავაძლიერებთ ჩვენს ერთიანობასა და სოლიდარობას”, - თქვა პრეზიდენტმა.

15 აპრილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საზოგადოებას გააცნო საპატრიარქოს პოზიცია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის საკითხზე.

ტაძრებში მრევლის განაწილების საკითხზე მღვდელი აღნიშნავს, რომ „დიდ ტაძრებში საუბარია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც".

XS
SM
MD
LG