Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეები რომიდან ბრუნდებიან


რომის აეროპორტი
რომის აეროპორტი

დღეს, 21 აპრილს საქართველოს ასზე მეტი მოქალაქე სამშობლოში რომიდან დაბრუნდება. ავიარეისს კომპანია „Georgian Airways“-ი შეასრულებს.

საგარეო საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმულები, ორსულები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები და ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ამავე რეისით სამშობლოში დაბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, თბილისი-რომი-თბილისის ავიარეისით ჩამოიყვანენ მძიმე პაციენტს, რომელიც საქართველოს საელჩოს მიერ დაქირავებული რეანომობილით რომში ჩაიყვანეს ქალაქ მატერადან. თბილისის აეროპორტში მას დახვდება სამედიცინო რეანომობილი და პაციენტს შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისებით საქართველოში მოქალაქეები უკვე დაბრუნდნენ ვარშავიდან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან და თელ-ავივიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნებულთა საერთო რიცხვი 6900-ს აჭარბებს.

მოქალაქეთა ეტაპობრივად დასაბრუნებლად დანიშნული მომდევნო ავიარეისებია:

24 აპრილი - თბილისი-ბარსელონა-თბილისი;

27 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი;

30 აპრილი - თბილისი-მადრიდი-თბილისი;

2 მაისი - თბილისი-პრაღა-თბილისი.

ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა ბილეთების ონლაინგაყიდვა უნდა დაიწყოს რეისამდე ორი დღით ადრე და ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

სამშობლოში დაბრუნებულები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

XS
SM
MD
LG