Accessibility links

საქართველოს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხს განიხილავს


საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის სხდომაზე შეიკრიბება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანების დასამტკიცებლად.

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს 21 აპრილს მიმართა კორონავირუსის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად 21 მარტიდან მოქმედი საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გასაგრძელებლად.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა ბრძანება საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების შესახებ. ამავე ვადით გაგრძელდა პრეზიდენტის მიერ 21 მარტს გამოცემული დეკრეტის მოქმედება.

პრეზიდენტის ბრძანება სგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ, ძალაში შევიდა გამოცხადების მომენტიდან, ანუ 21 აპრილიდან.

კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება იურიდიულ ძალას დაკარგავს, თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს.

"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს უჭერს.

"ნაციონალური მორაობის" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციები უპირობო მხარდაჭერაზე უარს ამბობენ და მოითხოვენ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას და პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მისვლას.

საქართველოს მთავრობამ 21 აპრილს განაცხადა, რომ ანტიკრიზისულ გეგმას 24 აპრილს გამოაქვეყნებს.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელი სხდომა 12 საათზეა დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG