Accessibility links

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით დეკლარაცია მიიღო


დღეს, 22 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა, საქართველოს თავმჯდომარეობის ფორმატში, ვიდეოკონფერენცია გამართა. კონფერენციაზე COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით დეკლარაცია მიიღეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს დაარსებიდან დღემდე, COVID-19-ის პანდემია ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ყველაზე მწვავე კრიზისს და უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, ადამიანების, მათ შორის, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრების ჯანმრთელობის დაცვისთვის, ყველა დონეზე, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს ხელისუფალთა მხრიდან.

„სოლიდარობა და თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის გადამწყვეტია პანდემიასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭო, განვითარების ბანკის (CEB) ჩათვლით, კრიზისის პერიოდში და მის შემდგომაც, წევრი ქვეყნების მხარდაჭერას განაგრძობს“, - განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღნიშნულ დეკლარაციაზე საუბრისას, თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მოხარულია იმ ფაქტით, რომ ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყანა შეთანხმდა პანდემიასთან ერთობლივი ბრძოლის გაგრძელების საჭიროებაზე, ორგანიზაციის ღირებულებებისა და სტანდარტების შენარჩუნებით.

საქართველო 2019 წლის 27 ნოემბერს, ნახევარი წლით გახდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მან ეს უფლებამოსილება საფრანგეთისგან გადაიბარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG