Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთიდან დაბრუნებული ძმები კარანტინიდან თვითიზოლაციაში გადასვლას ითხოვენ


შოთა და ირაკლი გურეშიძეები
შოთა და ირაკლი გურეშიძეები

ნიდერლანდიდან საქართველოში დაბრუნებული ძმები, შოთა და ირაკლი გურეშიძეები ამტკიცებენ, რომ ისინი ძალით მოათავსეს კარანტინში, როცა თვითიზოლაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. მათივე თქმით, სახელმწიფომ არ დაიცვა საკუთარი მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების წესები.

ახალი კორონავირუსის გავრცელებამდე ძმები გურეშიძეები რამდენიმე თვე საბერძნეთში ცხოვრობდნენ. თბილისში ისინი ამსტერდამიდან 14 აპრილს დაბრუნდნენ „ჯორჯიან ეარვეისის“ სპეციალური რეისით. ამ თვითმფრინავით სამშობლოში მათთან ერთად ჩამოვიდა 182 მგზავრი, მათ შორის, აშშ-დან, ბელგიიდან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, იაპონიიდან, ინდონეზიიდან, კანადიდან, მალტიდან, ტაილანდიდან და ნორვეგიიდან.

ამსტერდამი-თბილისის რეისი სავსე იყო, არადა, სხვა დროს, ძირითადად, მგზავრებს შორის ერთი ადგილი თავისუფალია ხოლმე. ასეთ შემთხვევაში „ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავში მხოლოდ 120 ადამიანი ეტევა.

„აეროპორტში ერთ პატარა ოთახში შეგვყარეს, სადაც დაახლოებით 2 საათი გავატარეთ. პირბადეები პოლიციელებსაც კი არ ეკეთათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას შოთა გურეშიძე.

საქართველოში, ჯანდაცვის მინისტრის 25 მარტის ბრძანებით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ყველა ფიზიკური პირი (გამონაკლისების გარდა) ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას - კარანტინს ან თვითიზოლაციას.

უცხოეთიდან დაბრუნებულები სასტუმროებში გაანაწილეს. გურეშიძეები ოთხვარსკვლავიან „ჰოლიდეი ინში“ მოხვდნენ.

„ის ღამე დავიძინეთ, მეორე დღეს კი თვითიზოლაციაში გადასვლა მოვითხოვეთ“, - ამბობს გურეშიძე და განაგრძობს: „თბილისში ბინა მაქვს, ჩემი მეუღლე დედამისთან გადავიდოდა. ქუთაისშიც მაქვს 3-ოთახიანი ბინა. თუ დავარღვევ თვითიზოლაციის წესებს, თანახმა ვარ, ერთი წლით ციხეში წავიდე“.

გურეშიძეები ამბობენ, რომ თვითიზოლაციაში გადასვლაზე უარი უთხრეს, მიზეზი კი არ განუმარტეს, რის გამოც მათ კარანტინში დარჩენაზე თანხმობის დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

„ეს ჩათვალეს საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევად და 3000-3000 ლარით დაგვაჯარიმეს“, - ამბობს შოთა გურეშიძე და განაგრძობს: „ამის გამო 8 დღე ვიშიმშილეთ, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო შევწყვიტეთ“.

ძმები ამბობენ, რომ COVID-19-ზე ტესტის ჩატარება მოითხოვეს: „გვითხრეს, რომ შეგვეძლო ჩვენი სახსრებით გაგვეკეთებინა ტესტი, თუმცა შედეგს მათთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა“.

გურეშიძის თქმით, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მასთან ნომერში იმყოფებოდა, 23 აპრილს აქციაზე შენიშნა: „საკარანტინო ზონაში იყო, რატომ არაა იზოლაციაში, თუკი ჩვენ ასეთი მოარული ბომბი ვართ? არ არის ეს წესების დარღვევა??“

„სასტუმროში ფანჯარა ძალიან პატარაზე იღება. ხელსაც კი წესიერად ვერ გაყოფ. თითქმის არ ნიავდება ნომერი. ჩამოსვლის მეორე დღეს ვიკითხეთ, თუ შეგვეძლო ტანსაცმლის გარეცხვა, რაზეც გვითხრეს, რომ შეგვეძლო, მაგრამ აბაზანის ნიჟარაში“, - ამბობს შოთა გურეშიძე და განაგრძობს: „შეიძლება ვიღაცას მოსწონს სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრება. კი, სასტუმროში ვართ, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს გავუცვლიდი ადგილს. ჰაერს მაინც ჩავყლაპავდი“.

გურეშიძეების თქმით, ისინი რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობენ ადმინისტრაციულ ორგანოებთან დაკავშირებას და დასაბუთებული პასუხის მიღებას. ძმები ვერც ოფიციალურ ცხელ ხაზზე ახერხებენ დარეკვას.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG