Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: სათქმელი არ დავუტოვეთ ჩვენ ოპოზიციას


ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ მთავრობამ თავისი ანტიკრიზისული გეგმით ოპოზიციას სათქმელი არ დაუტოვა.

აღნიშნული გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავას ჰკითხეს, როგორ შეაფასებდა ოპოზიციის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ პრაქტიკულად შიმშილისთვის გაწირა ხალხი და წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილია.

„თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენ ვეხმარებით არა მარტო ოფიციალურად დასაქმებულებს, არამედ თვითდასაქმებულებსაც, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ჩვენი პროგრამა არის საყოველთაო და არც ერთი კატეგორია არ გვინდა გამოგვრჩეს. რაც შეეხება ოპოზიციას, მოკლედ ვიტყვი, სათქმელი არ დავუტოვეთ ჩვენ ოპოზიციას, ამიტომაც ხან ერთ რაღაცას იტყვიან, ხან მეორეს, მაგრამ ვერ გაარტყეს მიზანში ვერც ერთი ნათქვამი და უკაცრავად პასუხია“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, დღეს, 24 აპრილს, მთავრობის კანცელარიაში წარადგინა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ზომები.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ამ დროისთვის საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის, საერთო ჯამში, 431 შემთხვევა. მათგან 132 გამოჯანმრთელდა. 5 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG