Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მოიხსნა კორონავირუსის გამო მოქმედი ზოგიერთი შეზღუდვა


დღეს დილიდან საქართველოში მოიხსნა მსუბუქი ავტომანქანებით, მათ შორის ტაქსით გადაადგილების აკრძალვა, რომელიც 17 აპრილიდან მოქმედებდა.

დღეიდან სრულად დაშვებულია საბითუმო და საცალო ონლაინვაჭრობა, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. ამასთან, დაცული უნდა იყოს COVID-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები და მოთხოვნები.

შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა ყველგან, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც მკაცრი კარანტინია გამოცხადებული. ასეთი რეჟიმი მოქმედებს მარნეულში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, ლენტეხში და ქობულეთის და თერჯოლის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელში.

ორი დღით, 27 და 28 აპრილს ნებადართული იქნება 15 აპრილიდან ჩაკეტილ თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

ძალაში რჩება 22 მაისამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის, „კომენდანტის საათი“ საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე.

საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს წარმოადგინა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა, რომელიც 2-2 კვირიან შუალედებს მოიცავს. ამასთან, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოხდეს როგორც უკვე გაუქმებული შეზღუდვების აღდგენა, ისე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადის გადახედვა.

27 აპრილის 8:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის საერთო ჯამში, 486 შემთხვევა. მათგან 149 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.

"ახლა ჩვენ წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ეს პიკი რაც შეიძლება მეტი ხანი დავიჭიროთ, ასე ვთქვათ, პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ კარგად თქვა, ჯომოლუნგმა რომ არ იყოს და იყოს პატარა გორაკი“, - განაცხადა 26 აპრილს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

XS
SM
MD
LG