Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სამინისტრო 30 000 ე.წ. სწრაფ (ანტისხეულების) ტესტს ყიდულობს


ანტისხეულებზე დამყარებულ ე.წ. სწრაფ ტესტის შეძენის ხელშეკრულება გააფორმა ჯანდაცვის სამინისტრომ ქართულ კომპანია „სოლემარტთან". სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ერთეული ტესტის ღირებულება 31 ლარს შეადგენს. სულ 30 000 ტესტის შესაძენად 930 000 ლარი არის გამოყოფილი.

ანტისხეულების (სეროლოგიური) ტესტით ხდება სისხლში ანტისხეულების გამოვლენა. ანტისხეულების არსებობა მიანიშნებს, რომ ორგანიზმს დაავადება უკვე გადატანილი აქვს, და გარკვეული დროით შესაძლებელია შემუშავებული ჰქონდეს იმუნიტეტი. მრავალი ქვეყანა ამ ტესტს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის დასადგენად ატარებს, რათა გაირკვეს რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი COVID-19 სიმპტომების გარეშე ან მსუბუქი სიმპტომებით.

24 აპრილს გაფორმებულ გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ საქონლის მოწოდების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე არის მითითებული.

ჰოლანდიური კომპანია Inzek International Trading-ია სადიაგნოსტიკო ტესტსისტემის მწარმოებელი, რომელსაც შპს „სოლემარტი“​ ჯანდაცვის სამინისტროს მიაწვდის.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძისთვის მიწერილ წერილში დასაბუთებულია, რატომ შეაჩერეს არჩევანი ჰოლანდიურ კომპანიაზე. „გაცნობებთ, რომ კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტების შესყიდვის საკითხი. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის 15 აპრილს სს „თი ბი სი“ ბანკის მიერ სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოეცა ჰოლანდიური კომპანია BIOZEK-ის მიერ წარმოებული ანტისხეულების განმსაზღვრელი 5 000 ტესტი. აღნიშნული ტესტის ხარისხი დადებითად შეფასდა სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. ვინაიდან, აღნიშნული ტესტების გამოყენება წარმატებით მიმდინარეობს სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ მედპერსონალის სადიაგნოსტიკოდ და ახალი კორონავირუსის ინფექციის სამართავად მობილიზებულ კლინიკებში, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ანალოგიური ტესტების შესყიდვა“, - ნათქვამია წერილში.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თქვა, 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 8 000-დან 9000-მდე სწრაფი ტესტი არის დახარჯული.

საქართველოს მთავრობას ჩინური კომპანიიდან 215 ათასი სწრაფი ტესტის შესაძენად ჯამში 1 182 500 დოლარის დახარჯვა ჰქონდა გამიზნული. ერთი ცალი სწრაფი ტესტის ყიდვა 5,5 დოლარი ჯდებოდა და მომწოდებლად შერჩეული იყო კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology. საქართველოს მხრიდან მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ანულირების შესახებ 27 მარტს გახდა ცნობილი. კომპანიამ თავად გამოაგზავნა ოფიციალური ნოტა, ტესტების გარკვეული პარტიის ხარვეზთან დაკავშირებით.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დამტკიცებული აქვს ალგორითმი, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვის და რა მეთოდით ჩაუტარდება ტესტირება ახალ კორონავირუსზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG