Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭიაბერაშვილი: ტესტირებების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, რათა დავინახოთ ეპიდემიოლოგიური სურათი


ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ამ ურთულეს პერიოდში ქვეყნისათვის დამაზიანებელ გზას ადგას და არ მიმართავს მოსახლეობის ინტენსიურ ტესტირებას. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიის მძლავრი კვლევითი რესურსი სრულადაა გამოსაყენებელი:

„რჩება შთაბეჭდილება, რომ ტესტირების ნაკლებობა დაბალი სტატისტიკის შენარჩუნებას ემსახურება და რეალური ეპიდემიოლოგიური სურათი საზოგადოებისთვის დაფარულია“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნაა, გაიზარდოს ტესტირებების რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა. ამას გარდა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა, ჯანდაცვის სამინისტრომ ყოველდღიურად გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ რაიონში რამდენი ტესტი ჩატარდა, მათ შორის, როგორია რისკჯგუფების, პირველ რიგში კი მედპერსონალის ტესტირების შედეგები.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, ქვეყნის ინტერესებზე იზრუნოს და, შესაბამისად, არსებულ ვითარებაში დაუყოვნებლივ გადადგას რამდენიმე ნაბიჯი:

„უნდა მოიხსნას აბსურდული შეზღუდვები და აღიკვეთოს კანონის შერჩევითი გამოყენება; ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს საგადასახადო ტვირთი და მეტი ფული დაუტოვოს ხალხს; მოქალაქეებსა და ბიზნესს უნდა დაუბრუნოს საპენსიო ფონდში დაგროვილი მათი კუთვნილი თანხა; ასევე, სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა მიმართოს საბიუჯეტო სახსრები მოქალაქეთა დასახმარებლად“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება შერჩევითად იყენებს საგანგებო მდგომარეობას და საზოგადოების აღშფოთებას იწვევს ის, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ჯგუფები არაფრად აგდებენ გადაადგილებასა თუ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. 22 აპრილს პარლამენტმა მისი ერთი თვით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

27 აპრილიდან საქართველოში მოიხსნა მსუბუქი ავტომანქანებით, მათ შორის, ტაქსით გადაადგილების აკრძალვა, რომელიც 17 აპრილიდან მოქმედებდა.

სრულად დაშვებულია საბითუმო და საცალო ონლაინვაჭრობა, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

ძალაში რჩება 22 მაისამდე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის, „კომენდანტის საათი“ საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე.

28 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში 497-დან 511-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი.

საერთო ჯამში, 511 დადასტურებული შემთხვევიდან ​156 გამოჯანმრთელებულია. 6 გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG