Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპენსაციას მიიღებს ის დაქირავებული, ვინც იანვარ-მარტში ერთხელ მაინც აიღო ხელფასი


1200 ლარის ფულადი კომპენსაცია გაიცემა უხელფასოდ დარჩენილ იმ დასაქმებულებზე, რომელთაც 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვთ აღებული შრომის ანაზღაურება. განმარტება ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა გააკეთა. მისი თქმით, პირველი საკომპენსაციო თვე აპრილი იქნება, ხოლო კომპენსაციის გაცემა მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყება:

„კომპენსაციის მიღება შეეძლებათ დაქირავებულებს, რომელთაც 2020 წლის პირველ 3 თვეში - იანვარში, თებერვალში, მარტში ერთხელ მაინც აქვთ აღებული ხელფასი და შემდგომ თვეებში ვეღარ იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგადასახაო ორგანოს წარუდგენს დამქირავებელი“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ამ კატეგორიაში, ანუ დაქირავებით დასაქმებულების კატეგორიაში, გადიან პირები, ვინც ან სამსახურიდან გათავისუფლდნენ, ან უხელფასო შვებულებაში არიან, ან დამქირავებელი უბრალოდ ვეღარ უხდით ხელფასს.

ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ამ კატეგორიის ადამიანებს 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად სახელმწიფო 200 ლარის ოდენობის თანხას ჩაურიცხავს.

24 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიური გეგმა წარადგინა. ანტიკრიზისული გეგმით განისაზღვრა მოსახლეობის სოციალური დახმარების, ასევე COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG