Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ირანის მესაზღვრეებმა ავღანელი მიგრანტები მდინარეში შერეკეს, არის მსხვერპლი


ავღანეთის წარმომადგენლებმა დაიწყეს ოპერაცია ავღანელი მიგრანტების გვამების მოსაძებნად მდინარეში, რომელიც მდებარეობს დასავლეთის ჰერატის პროვინციაში, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ ირანელმა მესაზღვრეებმა ავღანელები მდინარეში შერეკეს, რათა მათი ქვეყანაში შესვლა არ დაეშვათ.

2 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინინისტრო ამბობს, რომ დაწყებულია გამოძიება ამ ცნობების გარშემო. ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენი მიგრანტი იყო ჩართული ინციდენტში, რომელსაც რეგიონში ირანის საკონსულო უარყოფს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, პირველადი შეფასებით ჩანს, რომ სულ მცირე 70 ავღანელი, რომლებიც ჰერატიდან ცდილობდნენ ირანში შესვლას, სცემეს და შემდეგ მდინარე ჰარირუდში შერეკეს. ჰერატის რაიონის საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, რომ მიიღეს ხუთი ავღანელი მიგრანტის გვამები, რომელთა ნაწილიც წყალში დახრჩობის შედეგად იყო დაღუპული.

რეგიონის ავღანელი ოფიციალური პირების თანახმად, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ავღანელებს აწამებენ და კლავენ ირანის მესაზღვრეები, რომლებიც იცავენ 920-კილომეტრიან საზღვარს.

ინციდენტმა შესაძლოა დიპლომატიური კონფლიქტი გამოიწვიოს ირანსა და ავღანეთს შორის იმ პერიოდში, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ავღანელი მიგრანტები მასობრივად ბრუნდებიან ირანიდან ავღანეთში. ირანი კორონავირუსით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა და დაბრუნებული მიგრანტებიდან ბევრი კორონავირუსის მატარებელია.

XS
SM
MD
LG