Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პულიცერის პრემია „ნიუ-იორკ ტაიმსს“ მიენიჭა ვლადიმირ პუტინზე პუბლიკაციებისთვის


2020 წლის პულიცერის პრესტიჟული პრემია ნომინაციაში „საერთაშორისო რეპორტაჟი“ გადაეცა გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსს“ 8 პუბლიკაციისათვის, რომელშიც საუბარია რუსეთის ჩარევაზე ლიბიის, სირიისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკების შიდა საქმეებში. ეს არის „სერია რისკის ფასად მოპოვებული მომოხიბლავი ისტორიებისა, რომლებიც ფარდას ხდიან ვლადიმირ პუტინის მტაცებლურ რეჟიმს“,- ნათქვამია პულიცერის ჟიურის შეფასებაში.

რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმის“ წერილების სერიას უწოდა „წმინდა წყლის რუსოფობიური გამონაგონის მშვენიერი კრებული“.

პულიცერის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც 20 აპრილს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და ნიუ-იორკის კოლომბიის უნივერსიტეტის ნაცვლად საპრიზო ჟიურის ადმინისტრატორმა დანა კენიდიმ, გამარჯვებულების ვინაობა 4 მაისს დისტანციურად საკუთარი მისაღები ოთხიდან იუტუბის საშუალებით გამოაცხადა.

პულიცერის პრემია, აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ჟურნალისტიკასა და ლიტერატურაში 1917 წელს დაარსდა. პრემიის მოცულობა 15 ათას დოლარს შეადგენს.

ნომინაციაში „საზოგადოებისათვის სამსახური“ პულიცერის პრემია მიენიჭა Anchorage Daily News-სა და „ProPublica“-ს ჟურნალისტებს მასალების სერიისათვის, რომელიც ალიასკის პოლიციაში ძალადობას და პრობლემებს შეეხება.

ფოტოგრაფიაში ჯილდო მიენიჭა სააგენტო „როიტერსის“ გუნდს ჰონგკონგში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისთვის. პოდკასტების განვითარების ფონზე, 2020 წელს პულიცერის პრესტიჟული პრემიით პირველად დაჯილდოვდა აუდიორეპორტაჟი. გამარჯვებული გახდა „This is American Life“-ის პოდკასტის ეპიზოდის ავტორი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გაშუქებისთვის.

ლიტერატურის დარგში პულიცერის პრემია მიენიჭა კოლსონ უაიტჰერდს რომანისათვის „ნიკელის ბიჭები“. ნომინაციაში „მუსიკა“ გაიმარჯვა ენტონი დევისის ოპერამ „ხუთეული ცენტრალური პარკიდან“, რომელიც სექსუალური ძალადობისათვის უდანაშაულოდ გასამართლებული ხუთი ახალგაზრდის ამბავზეა აგებული.

XS
SM
MD
LG