Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოცირიძე კუბილიუსის წერილზე: ყველა ამბობს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება პოლიტპატიმრებსაც ეხებოდა


რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თანახმად, საერთაშორისო დონეზეც უკვე ყველა არაორაზროვნად ამბობს იმას, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

"ევროპარლამენტში გაკეთდა აგერ განცხადება, ასევე ევროკავშირის ელჩმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მოლაპარაკების პროცესში, დაადასტურეს იგივე", - აღნიშნა რომან გოცრიძემ.

ევროპარლამენტის წევრის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი გაგზავნილი წერილის კომენტირებისას, რომან გოცირიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება და პოლიტიკური პატიმრები არ გათავისუფლდებიან, არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის საკუთარ თავს. მათ შორის, ივანიშვილს. გამოიწვევს პერსონალურ სანქციებს და, სამწუხაროდ, ეს სანქციები შეიძლება ქვეყნის წინააღმდეგაც იქნას მიმართული“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში თქვა, რომ ევროპარლამენტარებს სჭირდებათ მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება შესრულდება და 2020 წლის არჩევნები თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარდება.

წერილში ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, რომ 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილისადმი გამოტანილი ხუთწლიანი პატიმრობის განაჩენი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდობლობის ზრდის გამოხატულებაა. აქვე იგი ამბობს, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ქვეშ აყენებს შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.

შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG