Accessibility links

ჩინეთის ჯანდაცვის მაღალჩინოსანი საუბრობს ნაკლოვანებებზე კორონავირუსთან ბრძოლაში


ჩინეთის ჯანდაცვის სისტემის მაღალჩინოსანმა 9 მაისს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია, რომლითაც ახლა 4 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, წარმოადგენდა მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელმაც გამოაჩინა "ნაკლოვანებები" ჩინეთის ჯანდაცვის და გადაუდებელი რეაგირების სისტემებში.

ეს განცხადებები ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი საჯარო აღიარებაა COVID-19-თან დაკავშირებული ჩავარდნისა ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლების მხრიდან, მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ვარაუდით, ვირუსი ცხოველებიდან ადამიანზე გადავიდა გასული წლის მიწურულს. თუმცა ამ განცხადებების სიმწვავე არ აკმაყოფილებს ბევრი მთავრობის მოთხოვნას საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაზე და გვერდს უვლის ბრალდებებს, განსაკუთრებით აშშ-ის მხრიდან, რომ პეკინი ბევრ გარემოებას მალავს.

"ახალი კორონავირუსის ეპიდემია იყო მნიშვნელოვანი ტესტი, რომელმაც გამოაჩინა, რომ ჩინეთს კვლავაც აქვს ნაკლოვანებები ეპიდემიის პრევენციის და კონტროლის თავის მასშტაბურ სისტემაში, ჯანდაცვის სისტემებში და [გადაუდებელ ვითარებაზე] რეაგირების სხვა ასპექტებში" - განაცხადა ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დირექტორის მოადგილემ, ლი ბინმა, პრესკონფერენციაზე.

პეკინზე იზრდება გლობალური ზეწოლა, რომ მან შეუზღუდავად დაუშვას საერთაშორისო გამოძიება კორონავირუსის წარმოშობის გარშემო. ჩინეთის მესვეურებმა დააპატიმრეს, ან სხვაგვარად დასაჯეს ექიმები და პირველ ეტაპზე განგაშის ამტეხი სხვა პირები, მაშინ, როცა პნევმონიის მსგავსი დაავადება ვუჰანში და ჰუბეის პროვინციის სხვა ადგილებში გავრცელდა, და ამის გამო მათ ბევრი ადანაშაულებს მტკიცებულებების განადგურებაში და სიმართლის დამალვაში.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და აშშ-ის სხვა ოფიციალური პირები დაუკონკრეტებელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ კორონავირუსი ვუჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. "მთელს მსოფლიოს სურს ნათელი მოეფინოს ვირუსის ზუსტ წარმოშობას" - თქვა მიმდინარე კვირაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა.

პეკინმა 8 მაისს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელობით კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების შესწავლას, მას შემდეგ, რაც პანდემია დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG