Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანის თქმით, არარსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგებოდა


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, საქართველოში პოლიტპატიმრების არარსებობა ეჭვს არ იწვევს და, შესაბამისად, არარსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ვერც რაიმე ტიპის შეთანხმება შედგებოდა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხზე კომენტირებისას, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეთანხმების წერილობით დოკუმენტში პატიმართა გათავისუფლებაზე არაფერია ნათქვამი:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებების შედეგად გამოიცა წერილობითი დოკუმენტი, სადაც არავითარ პატიმართა გათავისუფლებაზე საუბარი ასევე არ არის.

დღეს ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თხოვნით მიმართა ელჩებს, რათა მათ დაადასტურონ ის რეალობა, რომ მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საქართველოს მართლმსაჯულების ან პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან მედიასთან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მმართველი პარტიის ერთსულოვნება, მეტად პროპორციული გახდეს საარჩევნო სისტემა, რადიკალური ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი არ არის.

11 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მონაწილე ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს და დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა.

ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.

XS
SM
MD
LG