Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესმენები ეწინააღმდეგებიან რუსულ აგრესიასთან ბრძოლის ინიციატივის დაფინანსების შემცირებას


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარის, ელიოტ ენგელის მეთაურობით, გააკრიტიკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის გეგმა, დაფინანსება შეუმციროს რუსული აგრესიის შეკავების ინიციატივას და თანხა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის გამოიყენოს.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, კონგრესმენებმა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს და თავდაცვის მინისტრს, მარკ ესპერს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივის ბიუჯეტიდან კედლის მშენებლობის პროექტში თანხის გადატანა არამართლზომიერი ხარჯია.

კონგრესმენების შეფასებით, მსგავსი ქმედება პრეზიდენტ პუტინისთვის სასარგებლო ნაბიჯი იქნება და საფრთხის ქვეშ დააყენებს აშშ-ს და მის მოკავშირეებს. კონგრესმენების განცხადებით, მაშინ, როცა პრეზიდენტი თხზავს ისტორიას სამხრეთ საზღვარზე საგანგებო სიტუაციის შესახებ, აშშ-ის და ევროპაში მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების მიმართ რუსული აგრესიის საფრთხე ხელშესახებია.

„რუსეთი არა მხოლოდ ჩაერია 2016 და 2018 წლის არჩევნებში, არამედ დეზინფორმაციის განუწყვეტელ ომს აწარმოებს აშშ-ის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, აგრესიული სამხედრო მოქმედებებით საფრთხის ქვეშ აყენებს ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებში ჩვენს სამხედროებს და უკანონოდ აქვს ოკუპირებული უკრაინის და საქართველოს ნაწილები. დღესაც კი, ჯანდაცვის სისტემაში სერიოზული გლობალური კრიზისის დროს, პრეზიდენტი პუტინი აქტიურად განაგრძობს ანტიდასავლური დეზინფორმაციის კამპანიას და კიდევ უფრო ხელყოფს ჩვენს ინტერესებს და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG