Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 3 პირს. ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, სამივე რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტია. ისინი აფხაზეთში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ და კარანტინში იმყოფებოდნენ.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობის მიერ დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მათგან ერთი გარდაიცვალა.

დე ფაქტო ხელისუფლება მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გამოვლენილ პირველ შემთხვევად არ თვლის გალის რაიონის მცხოვრები ქალის დაინფიცირებას. ის რუსეთიდან აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა, კორონავირუსის სიმპტომები უკვე აღენიშნებოდა და იმავე ღამით ოკუპირებული რეგიონიდან გადაიყვანეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. მეორე დღეს პაციენტს COVID-19 დაუდგინდა.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაადასტურა. ინფიცირებული აღმოჩნდა რუსეთიდან დაბრუნებული გაგრელი კაცი.

დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 12 მაისის საღამოს მდგომარეობით, კარანტინში იმყოფება უცხოეთიდან დაბრუნებული 256 მოქალაქე. მათგან 215 რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.

ამავე სასწავლებლების სულ მცირე 15 კურსანტი კორონავირუსით ინფიცირებული დაბრუნდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. ადგილობრივ დე ფაქტი ხელისუფლებას ამ დროისთვის სულ 23 შემთხვევა აქვს დადასტურებული.

XS
SM
MD
LG