Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა აბსოლუტური ბოროტება უწოდა ავღანეთში სამშობიაროზე თავდასხმას


ავღანელ ჯარისკაცს სამშობიაროდან გაჰყავს დაჭრილი ჩვილი. ქაბული, 2020 წლის 12 მაისი
ავღანელ ჯარისკაცს სამშობიაროდან გაჰყავს დაჭრილი ჩვილი. ქაბული, 2020 წლის 12 მაისი

აშშ-მა დაგმო ავღანეთში მომხდარი ტერაქტები, რომლებსაც რამდენიმე ათეული ადამიანის, მათ შორის ჩვილების სიცოცხლე ემსხვერპლა

სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, უდანაშაულო ადამიანებზე ნებისმიერი თავდასხმა უპატიებელი დანაშაულია, მაგრამ სამშობიაროში ჩვილებსა და ორსულებზე თავდასხმა აბსოლუტური ბოროტებაა.

12 მაისს, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ქაბულის საავადმყოფოს, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციის „ექიმები უსაზღვრებოდ“ სამშობიარო სახლიც ფუნქციონირებს. მოკლულია 14 ადამიანი, მათ შორის ორი ჩვილი, მათი დედები და სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები.

ავღანეთის მთავრობის ინფორმაციით, თავდამსხმელებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებისას სამივე ტერორისტი მოკლეს და სამშობიაროში მყოფი 80 ქალი და ახალშობილი გადაარჩინეს. რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ განაცხადა, რომ მას თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, „თალიბანმა“ და ავღანეთის მთავრობამ უნდა ითანამშრომლონ, რათა დამნაშავეებს პასუხი აგებინონ. პომპეო აღნიშნავს, რომ სანამ ავღანეთში ძალადობის მასშტაბი არ შემცირდება და დაპირისპირებული მხარეები კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად საკმარის პროგრესს არ მიაღწევენ, ქვეყანა ტერორიზმისთვის იოლ სამიზნედ დარჩება. პომპეო წერს, რომ ავღანელი ხალხი იმსახურებს ტერორისგან თავისუფალ მომავალს.

12 მაისს ავღანეთში კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. ნანგარჰარის პროვინციაში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის დაკრძალვის დროს. დაიღუპა სულ მცირე 26 ადამიანი და 68 დაიჭრა.

ავღანეთში მოქმედებს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოც“, თუმცა, მას თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG