Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებისთვის ლეიბორისტთა ოფისში ბრუნდებიან


დღეიდან კონსულტაციებს განაახლებენ სხვადასხვა იდეოლოგიის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გასული წლის ბოლოს გაერთიანდნენ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად. ოპოზიციის ლიდერები 14:00 საათზე ისევ ლეიბორისტული პარტიის ცენტრალურ ოფისში შეიკრიბებიან.

მათი მოთხოვნაა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად საერთო სტრატეგიას შეიმუშავებენ.

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მონაწილეობით მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.

11 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკების მონაწილე აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს თხოვა, ნათელი მოჰფინონ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შინაარსს და დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა.

აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე საპასუხოდ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“.

იმავე დღეს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიებისგან მოელის მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემისკენ.

XS
SM
MD
LG