Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" ეროვნულ ბანკს პასუხობს


“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მოსაზრება, რომ ჯგუფი ითხოვდა რაიმე სახის შეღავათს, ან რაიმე რეგულაციური მოთხოვნის დარღვევას და ამ გზით საბანკო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას, არ შეესაბამება სინამდვილეს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

„იმდენად, რამდენადაც „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ჩვენთვის სრულიად უცნობი მიზეზების გამო, დღემდე მიჩნეულია ერთ-ერთ მსხვილ ქართული ბანკთან დაკავშირებულ პირად, აღნიშნულის გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლიმიტაციების გათვალისწინებით, „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ და ამ ჯგუფში შემავალი ჯანდაცვის კომპანიები ხსენებული ბანკის საკრედიტო რესურსებით სრულფასოვნად დღემდე ვერ სარგებლობენ“, - ნათქვამია დღეს, 13 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ განმარტავს, რომ კომპანიის ლიკვიდობის უზრუნველყოფა, მით უფრო, კრიზისული პერიოდის დროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია საქმიანობის უწყვეტობისთვის და ამის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინაშე დასვა ლეგიტიმური შეკითხვა, რა კანონიერი საფუძველი უდევს ჯგუფის კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებულ პირად მიჩნევას: „ხოლო, თუკი აღნიშნულის კანონიერი დასაბუთება არ არსებობს, მაშინ მოგვხსნოდა შეზღუდვა და მოგვცემოდა სრულფასოვანი წვდომა ამ ბანკის საბანკო რესურსებზე“.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საუბარი იყო არა ახალი, დამატებითი კრედიტის მიღებაზე, არამედ არსებული სესხის რესტრუქტურიზაციაზე, რაც ასევე, შეზღუდული ჰქონდა: „თუმცა, ამ საკითხზე საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან დასაბუთებული პოზიცია და პასუხი, მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა, სამწუხაროდ, არ მიგვიღია. მიღებული იქნა მხოლოდ ის პასუხი, რომ ჩვენთვის ამ ტიპის განმარტების მოცემა ვერ მოხდებოდა, რადგან მოცემულ შემთხვევაში მიჩნეული ვართ მესამე პირად“.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ დარწმუნებულია, რომ ეროვნული ბანკი კარგად აცნობიერებს საქმიანი რეპუტაციის მნიშვნელობას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავისი განცხადებით კანონიერ მიმართვებს იმგვარი ინტერპრეტაცია მისცა, თითქოს ჯანდაცვის ჯგუფი შექმნილი ვითარებით სარგებლობას ცდილობდა: „რაც ასევე, ყოვლად მიუღებელი, საკუთარი თავის მართლების მიზნით გამოყენებული მადისკრედიტირებელი განაცხადია“.

ეროვნულმა ბანკმა 12 მაისს უპასუხა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის, ნიკა გამყრელიძის ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს და განაცხადა, რომ მისთვის „მიუღებელია ქმედება, როდესაც ესა თუ ის ჯგუფი ვირუსთან ბრძოლის ხელშეწყობის სახელით, კონკრეტული ბიზნეს საქმიანობისთვის შეღავათს ითხოვს”.

ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ კავშირი აქვს „საქართველოს ბანკთან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG