Accessibility links

გიორგი ვაშაძე: არცერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ და მხოლოდ წინ


პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიები პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას დააფიქსირებენ და ეს ერთიანობა აისახება განცხადებაშიც, რომლის მიღებაც იგეგმება.

„ჩვენს ერთიან პოზიციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს უნდა გვესმოდეს. თუ ჩვენ ეხლა რაღაცას წავუყუებთ, რაღაც დათმობაზე ვინმე იფიქრებს, დამერწმუნეთ, "ქართული ოცნება" მიჩვეულია გადაგდებას, მოტყუებას, თაღლითობას და ის აბსოლუტურად ყველაფერში გადაგვაგდებს. ამიტომ არც ერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ და მხოლოდ წინ, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნისთვის და ხალხისთვის საჭირო“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია და ორ მთავარ საკითხს მოიცავს: შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

„ამას უჭერს მხარს სრულად ევროკავშირი და ამას უჭერს სრულად მხარს ამერიკის შეერთებული შტატები... აქ ყველა საკითხი დასრულებულია და როგორც გახარიას უყვარს თქმა, წერტილი დავსვათ, თუ გნებავთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეკრების დაწყების წინ.

კონსულტაციები საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გასული წლის ბოლოს გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა 13 მაისს განაახლეს. ისინი ითხოვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად საერთო სტრატეგიას შეიმუშავებენ.

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების მონაწილეობით მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.

11 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკების მონაწილე აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს თხოვა, ნათელი მოჰფინონ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შინაარსს და დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა.

აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის გვერდზე საპასუხოდ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“.

იმავე დღეს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშმა განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიებისგან მოელის მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG