Accessibility links

მინისტრმა ვერ დააკონკრეტა, რამდენ ხანში შეძლებენ სტუდენტები ფინალური გამოცდების ჩაბარებას


საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მოხსნის ბოლო, მეექვსე ეტაპზე გაიმართება. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, დაახლოებით როდის დადგება ეს დრო. შუალედურ გამოცდებთან დაკავშირებით კი მან განაცხადა, რომ სამინისტროს რეკომენდაციით უმაღლესმა სასწავლებლებმა ამ საკითხს წარმატებით გაართვეს თავი და პრობლემა მოხსნილია.

რაც შეეხება სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვას, მინისტრის განმარტებით, ნაშრომების დაცვა ინდივიდუალურად შედგენილი გრაფიკის მიხედვით, სტუდენტსა და მის ხელმძღვანელს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მოხდება.

განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება გაამახვილა ასევე სტუდენტთა პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების საკითხზეც. მისი თქმით, ეს უკანასკნელი ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ბოლო, მეექვსე ეტაპამდე დაიწყება. მინისტრის ვარაუდით, სტუდენტები პრაქტიკულ-ლაბორატორიული მეცადინეობების დაწყებას მაისის ბოლოდან ან ივნისის დასაწყისიდან შეძლებენ.

„ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები თავიანთი შინაარსიდან გამომდინარე, ცხადია, ონლაინრეჟიმში ვერ ჩატარდება. ფიზიკურად ლაბორატორიაში უნდა მოხდეს ეს ამბავი“, - აღნიშნა მინისტრმა, მისი თქმით, პრაქტიკული მეცადინეობები განახლდება უმაღლესი სასწავლებლების მიერ შედგენილი გრაფიკების მიხედვით და პროცესში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG