Accessibility links

ევროპარლამენტარები მიესალმებიან უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას


ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების ლიდერების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების თაობაზე ტვიტერის მეშვეობით ეხმაურებიან.

„სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ვულოცავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს“, - წერს ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მკვეთრად აკრიტიკებდა საქართველოს მმართველ პარტიას და საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარებას კონკრეტულ პირობებს, კერძოდ მიმდინარე რეფორმების გატარებას კანონის უზენაესობის სფეროში, სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს უკავშირებდა.

ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა თავის ტვიტერზე ქართულად წერს:

"მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას",

ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაძაბულობის განსამუხტად გადადგმულ კეთილსინდისიერ ნაბიჯს უწოდებს.

"მივესალმები უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას, როგორც კეთილსინდისიერ ნაბიჯს დაძაბულობების განსამუხტად. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ 8 მარტის შეთანხმების განხორციელებისთვის და მოუთმენლად ველი დისკუსიების გაგრძელებას, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე", – წერს ევროპარლამენტარი.

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. პრეზიდენტმა ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.

შეწყალებულთა შორის არ მოხვდა გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებას ასევე ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები; ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი წინასწარ პატიმრობაშია და მისი სასამართლო პროცესი არ არის დასრულებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG