Accessibility links

გიგი უგულავა: არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს ქვეყანაზე ამბობენ, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები 


გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მისთვის უსიამოვნოა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები ჰყავს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პარტიის ოფისში პირველად მისულმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამგვარ აღიარებას ქვეყნისთვის ზოგადად პრობლემები მოაქვს:

„ამას თავისი ხიფათი მოსდევს, ამას თავისი მინუსები მოსდევს, ამას თავისი პრობლემები მოსდევს ქვეყნისთვის. არ მაქვს იმის იმედი, რომ ხელისუფლება ამას გააცნობიერებს იმიტომ, რომ მათი ქმედებიდან ეს არ გამომდინარეობდა. მაგრამ ერთი რამე არის ფაქტი და ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ქვეყანა არ არის მარტო და ეს სამყარო არ არის ჩალით დახურული და თუნდაც არც კორონავირუსით შებურული და რა ვალდებლებასაც აიღებ, როგორც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს შენთვის, უნდა შეასრულო“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, საქართველომ პოლიტპატიმრების თემა უნდა დაასრულოს, შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს და საპატიმრო გიორგი რურუამაც დატოვოს.

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.

შეწყალებულთა შორის არ მოხვდა გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებას ასევე ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები. საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობად ამჯერად ისინი შეთანხების სრულად შესრულებას ასახელებენ. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წინასწარ პატიმრობაშია და მისი სასამართლო პროცესი არ დასრულებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG