Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე: ოჯახი შესდგება ცოლისგან, ქმარისა და შვილებისგან


17 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ის, მისი სიტყვებით, შედგება "ცოლისგან, ქმარისა და შვილებისგან".

ქალს, მისი თქმით, განსხვავებული ხასიათი აქვს, მაგრამ მათ „უნდა ამთლიანებდეს რწმენა და სიყვარული“.

„ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდია და ძლიერია, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა, ხალხი გაამთლიანა საქართველოსი, საქართველო გახდა ერთიანი“, - განაცხადა ილია მეორემ.

კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე თქვა, რომ ის ლოცულობს იმისთვის, რომ საქართველოში „ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს":

„სადაც სარწმუნოება ჭეშმარიტია, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია“, - აღნიშნა ილია მეორემ.

კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას ასევე შენიშნა, რომ საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე, რადგან ეს „ჩვენი ჯილდოა“.

მან გაიხსენა პატრიარქად კურთხევის პირველი წლები, როცა, მისი თქმით, ეკლესიაში 5-6 ადამიანი მიდიოდა.

„ვფიქრობდი, რა გვეშველება-მეთქი. ისიც არ იცოდნენ, სეფისკვერი რისთვის იყო საჭირო. მე ადრე მოვდიოდი და უფასოდ, საჩუქრად ვურიგებდი სეფისკვერს. ხალხს უკვირდა, მერე გაიგეს მისი შინაარსი, მისი ძალა. დღეს მთელი საქართველო ქრისტიანია“.

ილია მეორის სიტყვებით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდეს დღეს, თბილისის ქუჩებს ხატის თანხლებით შემოივლიან, ასევე „იშხურება ნაკურთხი წყალი“, რაც „განამტკიცებს ქალაქს“.

XS
SM
MD
LG