დღეს დილიდან გაიხსნა მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელ-გასასვლელები.
მარნეული მკაცრი კარანტინის ზონად გამოცხადდა და სრულად ჩაიკეტა 23 მარტს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მოქალაქის კორონავირუსით დაინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა და ინფექციის შიდა გადაცემად შეფასდა.
მუნიციპალიტეტის შესასვლელებთან და გასასვლელებთან განთავსებული იყო 12 საგუშაგო, საიდანაც ვითარებას პოლიცია და სამხედროები აკონტროლებდნენ.
საქართველოს მთავრობამ მარნეულში მკაცრი კარანტინის რეჟიმის გაუქმება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების გამო გადაწყვიტა.
„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დამთავრდა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია და გავაკეთოთ ისე, რომ მარნეულის გახსნა იყოს მუდმივი", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა. მან მარნეულის მცხოვრებთ მოუწოდა, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჰიგიენა და ნიღბები გამოიყენონ.
მარნეულში საერთო ჯამში, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 25-მდე შემთხვევა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დაახლოებით 1600 მოქალაქეს ჩაუტარდა PCR ტესტირება და ერთის გარდა, ყველა პასუხი უარყოფითი იყო.
მკაცრი კარანტინის ზონებად რჩება ბოლნისი და თეთრიწყარო.