Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"„ქართულმა ოცნებამ“ ნარატივების ეს ომი წააგო პირწმინდად"


"„ქართულმა ოცნებამ“ ნარატივების ეს ომი წააგო პირწმინდად"
please wait

No media source currently available

0:00 0:50:59 0:00

"ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, მარგამ უნდა შევეჩვიოთ კრიტიკას, რომელიც ყველაზე მეტად მთავრობას ეხება. თუ ხელისუფლება არ ეთანხმება რაღაც ნაწილში ამ კრიტიკას, მას ყველა ბერკეტი აქვს, რომ სხვა ინფორმაცია მიაწოდოს და გადაარწმუნოს ეს ხალხი", - კორნელი კაკაჩია რადიო თავისუფლების ეთერში.

მართალია, პანდემიამ გარკვეული ხნით უკანა პლანზე გადასწია პოლიტიკური პროცესი, თუმცა, ბოლო დღეებში ვითარება იმდენად შეიცვალა, ლამის ყველას დაავიწყდა კიდეც პანდემია. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ მოსახლეობის ინტერესი არჩევნების მიმართ ისეთი მძაფრი არ არის, როგორსაც ეს არჩევნები იმსახურებს, თუმცა, ეს დამოკიდებულებაც არჩევნების მოახლოებასთან ერთად შეიცვლება. სხვა საქმეა, სად "შეხვდებიან" ერთმანეთს პარტიებისა და ამომრჩევლის პრიორიტეტები: „ამ არჩევნების ჩატარება არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, მისი დემოკრატიული წინსვლისთვის“.

გასულ კვირაში პოლიტიკურ მოვლენებს დიდი მუხტი შესძინა დასავლელი პარტნიორების განცხადებებმა და წერილებმა:

„რაც შეეხება ბოლოდროინდელ განცხადებებს საქართველოს შესახებ და პატიმრებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი საზოგადოება არის პოლარიზებული, ყველა ცდილობს გაიგოს ისე, როგორც მას აწყობს. თუ რომელიმე პოლუსის ნაწილი ვართ, ის ნაწილი მოგვწონს, რომელიც ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ სინამდვილეში, თუ ავიღებთ, მაგალითად, სენატორების განცხადებას, საკმაოდ რთული სიტუაციაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამ განცხადებაში არის და იკვეთება, როგორც პარტიული ინტერესები, მათ შორის ოპოზიციის, აგრეთვე ამერიკული კომპანიების, მათ შორის „ფრონტერა რესურსის“, რომელმაც, როგორც იცით, წააგო საარბიტრაჟო დავა საქართველოს მთავრობასთან, დიდი ხანია მუშაობს საქართველოში და პრობლემებს უქმნიდა არა მარტო ამ ხელისუფლებას, წინა ხელისუფლებებსაც. “ფრონტერას“ ნაწილის ერთგვაროვნად აღქმა არ შეიძლება.

ყველაზე დიდი ნაწილი ამ წერილში არის სიმართლე. საქართველოს დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული შეშფოთება წინა წერილებიდანაც ვიცით. ეს არ უნდა გავიგოთ, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა.

შეიძლება არც მივაქციოთ ამ წერილებს ყურადღება, მაგრამ არა მგონია ამით მოვიგოთ, რადგან ფაქტია, ჩვენი ქვეყანა არის საკმაოდ მნიშვნელოვან ეტაპზე განვითარების. ასეთი წერილები იქნება თუ განცხადებები, მიმართულია ჩვენი დემოკრატიული განვითარების სრულყოფისკენ...

ქვეყანა არის პოლარიზებული. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, მარგამ უნდა შევეჩვიოთ კრიტიკას, რომელიც ყველაზე მეტად მთავრობას ეხება. თუ ხელისუფლება არ ეთანხმება რაღაც ნაწილში ამ კრიტიკას, თუკი არ ეთანხმება წერილების პათოსს, მას ყველა ბერკეტი აქვს, რომ სხვა ინფორმაცია მიაწოდოს და გადაარწმუნოს ეს ხალხი.

მე პირადად მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ნარატივების ომი წააგო პირწმინდად, რადგან მას საგარეო პოლიტიკაში დიდი გამოცდილება არ აქვს, როგორც წინა ხელისუფლებას და ფაქტია, სულ რამდენიმე ადამიანს თუ გავიხსენებთ, რომლებმაც, რომ იტყვიან, შესძინეს ახალი მეგობრები საქართველოს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომელიც ამას ახერხებდა. ასე ხდება ნარატივების ომზეც, რომელიც, როგორც ჩანს პირწმინდად არის წაგებული, თუ ვიწროპარტიული კუთხით შევხედავთ ამას. მაგრამ, მთლიანობაში თუ ვიტყვით, ის გზავნილები, რომლებიც არის ამ წერილებში, არის საყურადღებო და ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა, პირველ რიგში - ხელისუფლებამ, ამაზე უნდა იზრუნოს, რომ საკითხები, რომლებიც არის ჩამოთვლილი, მოიხსნას. მათ შორის ბოლო პერიოდში ისმოდა - რამდენად სწორია განცხადების ის პათოსი, რომ რუსეთთან ახლო ურთიერთობები ბრალდება ხელისუფლებასო - სტატისტიკა რომ ავიღოთ რუსეთთან ვაჭრობის, ის ადასტურებს ამას. ზედმეტმა ეკონომიკურმა დამოკიდებულებამ რუსეთზე შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფა.

ამას ემატება ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა. გვაქვს ფაქტობრივად ოლიგარქიული მმართველობა. ფაქტია, ხელისუფლება ცდილობს მესამე ვადითაც დარჩეს, რისთვისაც იყენებს ყველა რესურსს“.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების აქტიურ გამოხმაურებას კრიტიკული შეფასებებიც მოჰყვა, მათ შორის ასეთიც - რატომ ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებშიო:

„ზოგიერთს არ მოსწონს ჩვენი პარტნიორების ჩარევა. ბუნებრივია, ეს არ იქნებოდა საჭირო, ქვეყანა რომ იყოს შემდგარი დემოკრატია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ შორს ვართ ამ სურათისგან. თუ არ იქნება ეს დემოკრატიული წნეხი (იქნება ეს ევროკავშირისგან, აშშ-სგან თუ სხვა საერთაშორისო აქტორებისგან), ფაქტია, რომ ჩვენით ვერ ვაგვარებთ ამ პრობლემებს. მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც არ უნდა სჭირდებოდეს ამდენი ზეწოლა: არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ..

ბუნებრივია, ეს ყველაფერი გამოწვეულია ჩვენი შიდა სამზარეულოდან, ანუ როცა ირევა სიტუაცია, მმართველი პარტიები როგორც წინა ასევე დღევანდელი იყენებენ თავიანთ უზარმაზარ რესურსებს - პოლიტიკურს, ადმინისტრაციულს, მედიას. ასე იყო ბოლო 28 წლის განმავლობაში: ამას აკეთებდა შევარდნაძე, რომ რეალურად მის გარდა სხვა პოლიტიკოსი არ ყოფილიყო, იგივეს აკეთებდა სააკაშვილი და იგივეს აკეთებს ეს ხელისუფლება, ანუ ეს არის ძველი სიმღერა, რომელსაც საზოგადოება მიეჩვია და არ ეგუება“.

რა არის საქართველოს დასავლელი პარტნიორების ინტერესი და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი მხარდაჭერა:

„საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს მომავალს. ეს პროცესი არ დამთავრდება 5-10 წელიწადში და უნდა გვესმოდეს, ჩვენი საერთაშორისო პარნტიორების ინტერესი არის, რომ ეს ქვეყანა გახდეს დემოკრატიული, რომ მას ჰქონდეს საშუალება თვითონ აწარმოოს საკუთარი პოლიტიკა და საგარეო პოლიტიკა, მაგრამ ამ ტურბულენტურ პერიოდში, როცა პატარა ქვეყანა ექცევა სხვადასხვა გეოპოლიტიკური გავლენების ქვეშ და არა მხოლოდ რუსეთი ცდილობს გავლენა მოახდინოს როგორც ჩვენს შიდა, აგრეთვე საგარეო პოლიტიკაზე, საჭიროა ერთგული მეგობრების შეხსენება, რომ ვიწროპარტიული ინტერესების გამო არ მოხდეს გადახვევა ჩვენს მიერ აღებული კურსიდან, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს“.

კორნელი კაკაჩია რადიო თავისუფლების ეთერში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ასახელებს საქართველოში პოლიტიკური ორგანიზაციების სისუსტეს. არ მოელის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე რამე მნიშვნელოვნად შეიცვლება ამ კუთხით, თუმცა, მაინც ლაპარაკობს რისკების მინიმიზაციის შესაძლებლობაზე:

„ჩვენ გვყავს სუსტი პოლიტიკური პარტიები, სადაც არის ძალიან სუსტი დემოკრატიული მმართველობა და ანგარიშვალდებულება, ანუ რეალურად, პოლიტიკური პარტია ეკუთვნის კონკრეტულ პიროვნებას და ის არ არის თანამოაზრეების ორგანიზაცია, რომელიც ეყრდნობა გარკვეულ იდეოლოგიას, ფასეულობებს. პარტიულ იერარქიაში წინსვლა დაკავშირებულია კონკრეტულ ლიდერთან პირის ურთიერთობაზე.

პირიქით უნდა გავაკეთოთ: თუ გვეყოლება რეალურად დემოკრატიული პარტიები, სადაც არსებობს დემოკრატიული კონტროლი, სადაც ბუნებრივია არსებობს რაღაც ფრაქციულობა და თვითონ პარტია აკონტროლებს საკუთარ პოლიტიკას, მას ექნება უფლება გადაირჩიოს საკუთარი ლიდერი, თუ ის ზედიზედ ორ არჩევნებს წააგებს, როგორც ნორმალურ ქვეყნებში ხდება“.

ვიდრე საქართველოში ისე იქნება, როგორც „ნორმალურ ქვეყნებშია“:

„ყველა ჩვენგანს აქვს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა. არის მოსაზრება, რომ ჩემი პირადი ხმა არაფერს წყვეტს, მაგრამ ჩვენი მოვალეობა სწორედ ეს არის, რომ ეს პასუხისმგებლობა გავიზიაროთ, განსაკუთრებით - არჩევნების პერიოდში და ხმა მივცეთ არა პერსონებს, არამედ პროგრამებს, რომლებიც უნდა პასუხობდეს ჩვენი ინტერესთა ჯგუფის ინტერესებს. არა მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ სოციალურ-ეკონომიკურსაც. ჩვენ ჯერჯერობით აქეთკენ ვერ წავედით.

ორი წლის წინ ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნები...

არა მგონია, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ისე გაიზარდა ორ წელიწადში, რომ რაღაც ახალი ტექნოლოგიები შეიმუშავეს. სამწუხაროდ, ისინი ვერ სთავაზობენ პოზიტიურ დღის წესრიგს ამომრჩეველს. ნეგატიური კამპანიისა და პოლარიზაციის უმაღლესი მწვერვალებისგან დაიღალა საზოგადოება, რაშიც გარკვეულწილად მედიაც არის ჩართული და სამოქალაქო საზოგადოებაც.

ასეთ ვითარბაში რამდენად შეუძლია მიიღოს ამომრჩეველმა ინფორმირებული გადაწყვეტილება, მე დიდად ოპტიმისტური ვერ ვიქნები, მაგრამ ამ ფაქტორების მინიმიზაცია უნდა გავაკეთოთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG