Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა: სანამ რურუა საპატიმროშია, პრობლემა დარჩება


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, სანამ გიორგი რურუა საპატიმროშია, პრობლემა პრობლემად დარჩება და 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად მიჩნეული არ იქნება.

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ, უგულავა ისევ ჩაერთო ოპოზიციური პარტიების კონსულტაციებში.

„შესაბამისად, იმოქმედებს ოპოზიცია ისე, ზუსტად, როგორც მოქმედებდა პარასკევ დღემდე, სანამ მოხდებოდა ჩემი და ირაკლი ოქრუაშვილის განთავისუფლება. არ არსებობს სანახევრო შეთანხმებები. არსებობს შეთანხმებები, რომლებიც უნდა იყოს დაცული იმისათვის, რომ სამარცხვინო ფურცელი და ჩიხი, „ქართულმა ოცნებამ“ რაშიც შეიყვანა ქვეყანა, გავიდეთ დროზე, იმიტომ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან შერცხვენა კი არ გვჭირდება, გვჭირდება თანამშრომლობა იმისათვის, რომ ეკონომიკური კრიზისი დავძლიოთ“, - უთხრა გიგი უგულავამ მედიას ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის კონსულტაციის დაწყებამდე.

უგულავას თქმით, რურუას გათავისუფლების გარეშე „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვერ დაუჭერს: „შეიძლება ვიღაცამ თქვას, რა შუაშია, ეხლა ის იყოს, რა მოხდა. არა. თუ ჩვენ აი, ამ პატარას დღეს დავთმობით, ჩვენ მივიღებთ უბედურებას არჩევნებზე იმიტომ, რომ ამ ადამიანს [ივანიშვილს] ასეთი ენა ესმის - გამივიდა, გავალ თავს. ამიტომ უნდა შევხედოთ ამას, როგორც პრევენციას მშვიდობისთვის, პრევენციას განვითარებისთვის“.

დღეს, 18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გიორგი რურუას ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმების შესახებ. საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად არავითარი ახალი გარემოება არ არსებობდა.

„მთავარი არხის“ წილის მფლობელი გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს, პარლამენტთან ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყალბი ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას გათავისუფლება „ქართულ ოცნებასთან“ მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხებოდა „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას, რის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ. მმართველი პარტიისგან შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებას მოთხოვდა აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის წევრთა ნაწილი.

მსჯავრდებული პოლიტიკოსები - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა.

პრეზიდენტის შეფასებით, უგულავა და ოქრუაშვილი არც პოლიტპატიმრები არიან და არც უდანაშაულონი, მაგრამ მათი შეწყალება გადაწყვიტა, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საფრთხე არ შეექმნას სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის სტაბილურობას.

2020 წლის თებერვალში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, განსხვავებით წინა ორი ინსტანციისგან, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო თბილისის მერობის პერიოდში საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2020 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG