Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოსკოვის საქმეზე“ მსჯავრდებული ეგორ ჟუკოვი სტრასბურგის სასამართლოში ჩივის პოლიტიკური დევნისათვის


ეგორ ჟუკოვი
ეგორ ჟუკოვი

მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სტუდენტი, ეგორ ჟუკოვი, რომელსაც „მოსკოვის საქმეზე“ სამწლიანი პირობით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთს უჩივის პოლიტიკურ დევნისთვის. ამის შესახებ გაზეთი „ვედომოსტი“ წერს საერთაშორისო უფლებათდამცველ ჯგუფ „აგორას“ ხელმძღვანელ, კირილ კოროტეევზე დაყრდნობით.

სარჩელში ჟუკოვი ამტკიცებს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და განაჩენი პოლიტიკურად იყო მოტივირებული: ის დასაჯეს მოქმედი ხელისუფლების მისამართით გამოთქმული ლეგიტიმური კრიტიკისთვის.

ჟუკოვი მიიჩნევს, რომ მისთვის გამოტანილი განაჩენი არის დაშინების აქტი და სთხოვს ECHR-ს, რომ აღიაროს მის მიმართ ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, რომელიც კრძალავს უფლებისა და თავისუფლების შეზღუდვის არსებული პრაქტიკის გამოყენებას სხვა მიზნებით, გარდა ისეთი შემთხვევებისა, რომლებისთვისაც ასეთი შეზღუდვები იქნა შემოღებული. მოსკოველი აქტივისტი მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის დროს რუსეთის სასამართლომ დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი და მისი პირადი უფლება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი.

ე.წ. მოსკოვის საქმეზე მოსკოვის სასამართლოებში გასული წლის 6 დეკემბერს 7 განსასჯელის მიმართ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. მასობრივი არეულობისა და პოლიციის თანამშრომლების მიმართ ძალადობის ბრალდებით სასამართლომ ექვს პირს, მათ შორის ეგორ ჟუკოვს, პირობითი სასჯელი შეუფარდა, მეშვიდეს კი, 22 წლის სტუდენტ ნიკიტა ჩირცოვს, ტვერის რაიონის სასამართლოს მოსამართლემ საერთო რეჟიმის კოლონიაში ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საკმაოდ იშვიათად იყენებს კონვენციის მე-18 მუხლს. როგორც „აგორაში“ აღნიშნავენ, აქამდე პოლიტიკური დევნის მსხვერპლად სტრაბსურგში მიჩნეულ იქნა ყოფილი მედიამაგნატი ვლადიმირ გუსინსკი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი.

მაგრამ უფლებათდამცველები მიიჩნევენ, რომ ჟუკოვის საჩივარი სწორედ ასეთ შემთხვევებს განეკუთვნება, რადგან აქტივისტის დევნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო, მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში მისი მონაწილეობის ხელშეშლა. ჟუკოვი ოპოზიციის კანდიდატის დმიტრი გუდკოვის შტაბის წევრი იყო, რომელსაც კომისიაში უარი უთხრეს რეგისტრაციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG