მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ 6 დეკემბერს სამწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სტუდენტს, ეგორ ჟუკოვს, რომელმაც სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება.
წარმატებული ინტელიგენტების ოჯახში გაზრდილი, ელიტური უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი და პოპულარული ბლოგერი, რუსეთის ხელისუფლების შეურიგებელი კრიტიკოსია და მას მედიასა და სოციალურ ქსელებში რუსეთის ოპოზიციის ახალი ტიპის ლიდერსაც უწოდებენ.
კოსმონავტი მამის მეამბოხე შვილი
მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პოლიტოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს თავდაპირველად ბრალი წაუყენეს 27 ივლისის ანტისამთავრობო მიტინგის დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში, მაგრამ მოგვიანებით ეს ბრალდება მოუხსნეს და წაუყენეს ახალი - ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდება, რომელსაც იგი ვითომცდა „იუტუბის“ არხ „ჟუკოვის ბლოგის“ საშუალებით ეწეოდა.
სამი თვის განმავლობაში შინაპატიმრობაში მყოფ ეგორ ჟუკოვს სასამართლომ, პირობითი პატიმრობის გარდა, სამი წლით აუკრძალა საიტების ადმინისტრირება.
ჟუკოვის გათავისუფლებას მოითხოვდნენ რუსეთის ცნობილი ადამიანები, მათ შორის, პოლიტიკოსი დიმიტრი გუდკოვი და ჰიპ-ჰოპის რუსი ვარსკვლავი, ოქსიმორონი.
თავად ეგორ ჟუკოვი შვილია საკმაოდ ცნობილი კოსმონავტის, სერგეი ჟუკოვისა, რომელმაც თავის მეამბოხე შვილს ამაღელვებელი ლექსიც კი მიუძღვნა.
„მამა ძალიან უჭერს მხარს ჩემს არჩევანს. იგი ფიქრობს, რომ მე, გარკვეული თვალსაზრისით, მისსავე ერთგვარ სტადიას წარმოვადგენ. მასაც აქვს ანალოგიური მიზნები თავის სფეროში - კოსმოსთან, უპილოტო თვითმფრინავებთან, რუსულ ავიაციასთან დაკავშირებული მიზნები. მას სურს, რომ ეს სფერო მსოფლიოში წამყვანი გახდეს. მე მსურს ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში, მას კი სურს ცვლილებები უშუალოდ კოსმოსურ სფეროში“, - აცხადებს ეგორ ჟუკოვი.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების მეორე დღეს ეგორ ჟუკოვი რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ოფისში მივიდა იმავე შავ პიჯაკში, რომელიც დაპატიმრების დღეს ეცვა. ჟუკოვი სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვით იმდენად პოპულარული გახდა საზოგადოებაში, რომ იძულებულია, თავისი მომხრეების მიერ წინასწარ შედგენილი გრაფიკით შეხვდეს ჟურნალისტებს.
„მე ავაფეთქე ვეებერთელა ბუშტი“
„ეტყობა, საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მოთხოვნა, ეს მოთხოვნა იმდენად დიდი ხნის წინ იყო ფორმირებული, რომ, როგორც კი გამოჩნდა ვიღაც, რომელიც ამ მოთხოვნას უპასუხებდა, უბრალოდ, თავისი სიტყვებით, ფასეულობებზე მარტივი საუბრით, აფეთქება მოხდა. შეიძლება ითქვას, ამ ბოლო სიტყვით მე ავაფეთქე გადაბერილი ვეებერთელა საჰაერო ბუშტი“, - ამბობს ეგორ ჟუკოვი ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში.
კუნცევოს სასამართლოს დასკვნით სხდომაზე, 4 დეკემბერს, ეგორ ჟუკოვმა წარმოთქვა განსასჯელის ბოლო სიტყვა, რომელშიც ილაპარაკა ქრისტიანული ფასეულობების დევალვაციაზე, ადამიანის უფლებების შელახვასა და ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობაზე.
„ქვეყანაში არსებული ვითარება ადამიანს უსპობს კეთილდღეობის ყოველგვარ შესაძლებლობას. ყველაზე მეტად უზრუნველყოფილი რუსების 10 %-ს ხელში აქვს ჩაგდებული ქვეყნის სიმდიდრის 90 %. მათ (მდიდრებს) შორის, ცხადია, არიან ღირსეული მოქალაქეებიც, მაგრამ ძირითადი ნაწილი, უფრო ზუსტად, ამ კეთილდღეობის უდიდესი ნაწილი, არა ადამიანებისათვის სასიკეთო პატიოსანი შრომით, არამედ კორუფციის გზით არის მოპოვებული“, - განაცხადა სასამართლოზე წარმოთქმულ საბოლოო სიტყვაში ეგორ ჟუკოვმა.
21 წლის სტუდენტს სასამართლომ ორი წლით ჩამოართვა უფლება, მართოს საიტები, ანუ კვლავ მიმართოს საზოგადოებას თავისი ვიდეობლოგის საშუალებით. იმ სამი თვის განმავლობაში, რაც შინაპატიმრობაში იყო, ჟუკოვი, როგორც თავად ამბობს, თვითგანვითარებითა და მედიტაციით იყო დაკავებული. ზოგიერთის კრიტიკულ შენიშვნაზე, თუ საიდან მოვიდა და რა გაუკეთებია, სხვას რომ ჭკუას ასწავლის, ჟუკოვი აცხადებს, რომ პოლიტიკური აქტიურობის დაწყება დააგვიანა და აჯობებდა, რომ 18-19 წლის ასაკში გამოეცადა იზოლატორები, სასამართლო და შინაპატიმრობა.
„იმიტომ რომ დრო ძალიან ცოტაა. მე დავისახე, შეიძლება ითქვას, ძალიან ამბიციური მიზანი, რომელიც, არსებითად, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დაისახოს, - ეს არის ქვეყნის შეცვლა თავისუფლების მიმართულებით. რუსეთი არასოდეს ყოფილა ჭეშმარიტად თავისუფალი თავისი ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში. ეს არის ამბიციური მიზანი. და გარდა იმისა, რომ მსურს, ამაში საკუთარი წვლილი შევიტანო, სიცოცხლეშივე მინდა ვიხილო ამ წვლილის ნაყოფი“, - აცხადებს ეგორ ჟუკოვი.
მიზნის მიღწევის ადგილი და საშუალება
ეგორ ჟუკოვის საქმეს დიდი რეზონანსი მოჰყვა რუსეთში. მის მხარდასაჭერად გამოვიდნენ მოსკოვის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პედაგოგები, 600 კაცზე მეტი. რეპერი Oxxxymiron-ი, რომელიც არაერთხელ პირადად ესწრებოდა მოსკოვის კუნცევოს სასამართლოში მიმდინარე პროცესს, თავდებად უდგებოდა ჟუკოვს და მზად იყო, სასამართლოსთვის 2 მილიონი რუბლის გირაო გადაეხადა.
მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მხარს უჭერდა ჟუკოვის გათავისუფლებას, მაგრამ არ იზიარებდა მის პოლიტიკურ შეხედულებებს.
„ჩემი აზრით, ეგორ ჟუკოვი ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცია, რომლის ამბიციები აღემატება მის ცოდნას, რაც ხშირად ხდება. მან კიდევ არაერთხელ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკური შეხედულება, რაც ასევე ხშირად ხდება“, - განაცხადა ნოემბრის ბოლოს მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის რექტორმა, იაროსლავ კუზმინმა.
მაგრამ საკუთარი შეხედულებების შეცვლას არც კი ფიქრობს ეგორ ჟუკოვი. მიუხედავად იმისა, რომ პირობითი პატიმრობა აქვს მისჯილი, იგი აპირებს, სოციალურ და პოლიტიკურ აქტიურობას შეუთავსოს ჟურნალისტური საქმიანობა. ეგორ ჟუკოვს მუშაობა შესთავაზეს დამოუკიდებელმა გაზეთმა „ნოვაია გაზეტამ“ და რადიოსადგურმა „ეხო მოსკვიმ“.
ჟუკოვი არ ფიქრობს, რომ ჟურნალისტიკა შეუთავსებელი იყოს აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობასთან.
„ჟურნალისტიკა მრავალნაირია. მაგალითად, რეპორტიორის საქმიანობა, ჩემი აზრით, მართლა უნდა იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი. მაგრამ არსებობს სხვა ფორმატიც. შესაძლოა, ხალხისათვის საინტერესო იყოს, ჩემი შეხედულების პრიზმაში დაინახონ გარკვეული მოვლენა, ეს კი კონკრეტულად არის პოლიტიკა. ანუ, მე ხალხს დავანახვებ ჩემს პერსპექტივას სამყაროზე, შემდეგ ისინი გადაწყვეტენ, დამიჭირონ თუ არა მხარი. ეს არის ის საქმიანობა, რომელსაც, ჩემი აზრით, შეიძლება ეწოდოს, ერთდროულად, ჟურნალისტიკა და პოლიტიკა“, - დარწმუნებულია ეგორ ჟუკოვი.
სასამართლო პროცესის დროს და შემდეგაც სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გათავისუფლების სანაცვლოდ ეგორ ჟუკოვი შეეცდებოდა რუსეთის დროებით დატოვებას, რასაც ის გადაჭრით უარყოფს.
„საკუთარ ბედს მთლიანად რუსეთს ვუკავშირებ. ჩემი ცხოვრების მიზანია ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა. ამ მიზნის რეალიზება შეუძლებელი იქნება, თუ მე აქ არ ვიქნები. შესაბამისად, ჩემთვის აქ ყოფნა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზად ვიყავი ციხეშიც ვმჯდარიყავი“, - აცხადებს ჟუკოვი და დასძენს, რომ „ციხეში ყოფნის დროს იგი შეიძენდა იმ გამოცდილებას, რომელიც თავისი მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდა“.
ე.წ. მოსკოვის საქმეზე მოსკოვის სასამართლოებში 6 დეკემბერს 7 განსასჯელის მიმართ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. მასობრივი არეულობისა და პოლიციის თანამშრომლების მიმართ ძალადობის ბრალდებით სასამართლომ ექვს პირს, მათ შორის ეგორ ჟუკოვს, პირობითი სასჯელი შეუფარდა, მეშვიდეს კი, 22 წლის სტუდენტ ნიკიტა ჩირცოვს, ტვერის რაიონის სასამართლოს მოსამართლემ საერთო რეჟიმის კოლონიაში ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.