Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზესტაფონში მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა


ზესტაფონში კორონავირუსი დაუდასტურდა სატვირთო ავტომობილის მძღოლს, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, 29 წლის მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და უკვე თვითიზოლაციაში არიან.

„მონიტორინგი ხორციელდება ყველა მძღოლზე, რომელიც შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე და ტოვებს მას. ყველა გვყავს აღრიცხვაზე და ვაკონტროლებთ მათი თვითიზოლაციის პირობებს. ეს პიროვნებაც იყო თვითიზოლაციაში, გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც მიმართა სამედიცინო ცენტრს, სადაც დაუდასტურდა COVID-19. ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. ყველა ადამიანი, ვისთანაც ქონდა კონტაქტი ზესტაფონში ჩამოსვლამდე, იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში. კონტაქტების რაოდენობა დიდი არ არის და არ არსებობს საშიშროება, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელება“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით 29 წლის მამაკაცი ზესტაფონის საავადმყოფოდან გადაიყვანეს ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. საქართველოს მოქალაქე მამაკაცი, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ქვეყანაში სომხეთიდან შემოვიდა.

20 მაისს საქართველოში კორონავირუსის 713 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 475, გარდაიცვალა 12.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG