Accessibility links

არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე ბრიფინგამდე შეატყობინა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგამდე აცნობა. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსს განუცხადა.

"ის, რომ ბრიფინგამდე პრეზიდენტმა ჩამაყენა საქმის კურსში მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ურთიერთპატივისცემის საკითხია. პოლიტიკაში ვინც არიან, მათგან მიკვირს ეს აჟიოტაჟი", - თქვა მან.

ამ განცხადებას წინ უსწრებდა პრეზიდენტის კომენტარი, რომელიც ამბობდა, რომ შეწყალებაზე აცნობა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს; პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს.

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. ამ განცხადებიდან ერთი საათის შემდეგ უმრავლესობამ "ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც თქვეს, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და ბრიფინგიდან გაიგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG