Accessibility links

ნიკა მელია ეხმაურება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური მომავლის საკითხს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას განცხადებას.

„დღეს დამიკავშირდნენ მედიიდან კითხვებით ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ვინაიდან თავად ვ.მერაბიშვილს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, მე მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრების გაზიარებით შემოვიფარგლები. რასაც ვაკვირდები, ბოლო პერიოდია ბევრნი, ვინც ფეხქვეშ დაახლოებით ფიანდაზად ეფინებოდნენ ხელისუფლებაში მყოფ ვ. მერაბიშვილს, და ერთმანეთს ეცილებოდნენ მის ქება-დიდებაში, დღეს რაღაცნაირად თითქოს ერთმანეთს ეცილებიან იგივე ვ.მერაბიშვილის გაკიცხვასა თუ ირიბ კრიტიკაში.

ვ. მერაბიშვილს არც ვიცნობდი, დაპატიმრებამდე ერთხელ მყავდა ნანახი და მხოლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გავიცანი. მის გაცნობამდე კი არაერთხელ ჩავსულვარ სამცხე-ჯავახეთში და კარგად ვიცი ხალხის, ამ რეგიონის ამომრჩევლის დამოკიდებულება ვ. მერაბიშვილისადმი. სწორედ, ეს ამომრჩეველი წყვეტს და გასცემს უფლებას ვინ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში და ვინ არა. არავის აქვს უფლება პოლიტიკაში ჩართვის უფლება ჩამოართვას მას, ვისაც ამ უფლებას აძლევს ამომრჩეველი.

ვ. მერაბიშვილმა თითქმის იმდენივე წელი გაატარა სამარტოვე საკანში, რამდენიც ხელისუფლებაში. ბევრს მასზე შეხედულება შეეცვალა, ბევრისთვის მისაღებია, ბევრისთვის კვლავაც მიუღებელი”, - წერს „ფეისბუკზე“ ნიკა მელია.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მერაბიშვილი არჩევნებში წარმატების მიღწევას შეძლებს.

სწორედ ამისთვისაა არჩევნები და თუ ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტს რომ კენჭი იყაროს სამცხე-ჯავახეთში, რეგიონში, რომელიც დღეს კლასიკური მაფიოზის ენძელ მკოიანის ხელშია და იარაღით ხელში დარბის აღმართ-დაღმართ, არა მგონია მისმა ამ გადაწყვეტილებამ ან ქვეყანა დააზიანოს, ან ოპოზიცია...

ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას, მე ასე ვფიქრობ, სხვა ალბათ სხვაგვარად. ამ ეტაპზე გადამწყვეტია, რას გადაწყვეტს თავად, რას გადაწყვეტს პარტია და შემდეგ უკვე რას გადაწყვეტს ხალხი!“, - აცხადებს მელია.

„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის" ეთერში თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში" გააგრძელებს საქმიანობას.

„საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის საქმეა. საიდუმლო გავეცი? - არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს, მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს დატოვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მეცხრე დაწესებულება (ე.წ. მატროსოვის ციხე), სადაც 6 წელი და 9 თვე გაატარა.

მერაბიშვილი 2013 წლის 21 მაისს დააკავეს საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვისა (უმუშევართა აღრიცხვის და დასაქმების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების დროს 5,2 მლნ ლარის გაფლანგვა; კვარიათში საცხოვრებელი სახლის მითვისება) და ამომრჩევლის მოსყიდვის (2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა) ბრალდებით.

დაპატიმრებამდე ვანო მერაბიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG