Accessibility links

ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა მოსკოვში ჩაიტანა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატები


ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა 21 მაისს მოსკოვში ჩაიტანა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, რათა დაეხმაროს რუსეთის კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის საელჩოს ცნობით, სამხედრო თვითმფრინავით მოსკოვში ჩატანილი 50 ფილტვის ვენტილატორი არის პირველი ნაწილი „იმ ჰუმანიტარული ქველმოქმედებისა“, რომელიც 5,6 მილიონ დოლარს შეადგენს და რომლის ფარგლებშიც რუსეთი ამერიკული წარმოების 200 ერთეულ ფილტვის ხელოვნურ ვენტილატორს მიიღებს.

რუსეთის მთავრობის ოპერატიული შტაბის თანახმად განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის ინფექციამ 150 ადამიანი იმსხვერპლა, რაც ეპიდემიის განმავლობაში ერთ დღეში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ რუსეთში 326 448-ს მიაღწია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება, „ორივე მხარემ გვერდზე უნდა გადადონ უთანხმოება და ყურადღება გადაიტანონ ჩვენი ხალხების საჭიროებებზე“, - ნათქვამია რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მანამდე, აპრილის დამდეგს რუსეთმა აშშ-ში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნები გაგზავნა.

მაგრამ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამერიკაში ის არ გამოუყენებიათ. ზოგი მათგანი კი იმავე ტიპის იყო, რომელთაც ხანძარი და პაციენტების სიკვდილი გამოიწვიეს რუსეთის კლინიკებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG