Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში დასრულდა საპროტესტო აქცია „ზელენსკის წელი - რევანშის წელი“


კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ დასრულდა საპროტესტო აქცია, რომელიც „კაპიტულაციის საწინააღმდეგო მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.

მომიტინგეები ქვეყნის პრეზიდენტისგან მოითხოვდნენ რუსეთის წინაშე კაპიტულაციის პოლიტიკის შეწყვეტას, საპატიმროებში მყოფი მოხალისეების გათავისუფლებას, უკრაინის ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებას და ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გადაყენებას.

ვიდრე დაიშლებოდნენ, მომიტინგეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეზე დატოვეს ბანერი წარწერით „ზელენსკის წელი - რევანშის წელი“ და განაცხადეს, რომ თუ პრეზიდენტი არ შეასრულებს მათ მოთხოვნებს, მალე უფრო ხალხმრავალ აქციას მოაწყობენ.

20 მაისს ერთი წელიწადი გავიდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციიდან. მისი პოლიტიკით უკმაყოფილო აქტივისტებმა და ვეტერანებმა სოციალური ქსელების საშუალებით მთელი უკრაინის მასშტაბით დაიწყეს გაერთიანება „კაპიტულაციის საწინააღმდეგო მოძრაობაში“, რომელსაც მისი წევრები აპოლიტიკურს უწოდებენ.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, 24 მაისს კიევის ცენტრში საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ ვერხოვნა რადის დეპუტატები ტატიანა ჩერნოვილი, ანდრეი ლევუსი, ანდრეი ტეტერევი, განათლების ყოფილი მინისტრი სერგეი კვიტი და სხვა ცნობილი პირები.

„ჩვენ არ გვინდა მდგომარეობის არევა, რადგან ქვეყანა ომში იმყოფება. მაგრამ იძულებული ვართ გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება“, - უთხრა ჟურნალისტებს განათლების ყოფილმა მინისტრმა, სერგეი კვიტმა, რომელიც „კაპიტულაციის საწინააღმდეგო მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრია.

24 მაისის აქციაში დაახლოებით 2 ათასი კაცი მონაწილეობდა.

დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარშემო მობილიზებული იყო პოლიციის გაძლიერებული დაცვა, მაგრამ აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.

მანამდე, 21 მაისს ზელენსკის ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს რუსეთის ციხეებში მყოფი უკრაინელი პოლიტპატიმრების ახლობლებმა.

XS
SM
MD
LG